„აშშ-ს მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა იმ სწორი პოლიტიკის დადასტურებაა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს”

აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და ეს იმ სწორი პოლიტიკის დადასტურებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
ჯანელიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მთავრობის სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ შეაფასა.
„ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მაღალ დონეზე, მე გამოვიყენებდი ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს არის დადასტურება იმ სწორი პოლიტიკის, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. პოლიტიკის, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში იმ ღირებულებების განმტკიცებას და გაძლიერებას, რაც გვაერთიანებს დასავლელ პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან – ეს არის დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ეს დამოკიდებულება განაპირობა ასევე იმ განსაკუთრებულმა პროგრესმა , რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და ეს აღინიშნა კიდეც ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდა ნდობა პარტნიორების მხრიდან და დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო თანამშრომლობა ყველა ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან და რაც მთავარია ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან”- განაცხადა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და საქართველოს როგორც დემოკრატიულ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში.„ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში და ჩვენ ვხედავთ მზაობას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს ეს მხარდაჭერა, იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, შეძლოს გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას და ასევე აითვისოს ახალი შესაძლებლობები,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მან ისტორიული უწოდა ანაკლიის პორტსა და უმსხვილეს ამერიკულ კომპანია SSA Marine-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას., რაც ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას და ახალ დინამიზმსა და ენერგიას შესძენს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო როგორც დროის, ასევე მისი გეოგრაფიის გათვალისწინებითაც „საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, რომლებიც აღიქმებიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მტკიცე პარტნიორებად, ეს არის დადასტურება ჩვენი ძალიან სწორი პოლიტიკის, რომელსაც ვახორციელებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში”-დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები