ქეთევან ციხელაშვილი: პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა განგრძობადი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განგრძობადი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობაა. როგორც მან განაცხადა, ქართული მხრის ამოცანაა სიმშვიდე შეინარჩუნოს, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ”გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ეს ვიზიტიც ალბათ ამ რანგში უნდა განვიხილოთ. ეს ჯდება ერთიან სურათში – ეს არის განგრძობადი პროვოკაცია. ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან და ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ამ პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა”, – განაცხადა ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს. პუტინი შეხვდება ოკუპირებული რეჟიმის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას. ვლადიმერ პუტინი ბოლოს აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები