პოლიტოლოგის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის კონტურები იკვეთება

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის კონტურები იკვეთება. ამის შესახებ პოლიტოლოგი “ფეიბუქზე” წერს.

სუამი ფაქტობრივად არ არსებობს და აღარ ვითარდება, თურქეთ–საქართველო–აზერბაიჯანის ღერძი უკვე უაღრესად პირობითია, კავკასია, ჯერ–ჯერობით კი სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკის ცენტრში ექცევა. ეს კარგიცაა და უაღრესად სახიფათოც.

ამერიკის ვიცე–პრეზიდენტის ვიზიტმა ცხადყო, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია და პოლიტიკური კლასი, მიუხედავად მათ შორის მთელი რიგ საკითხებში უთანხმოებისა, საქართველოს თავისი გლობალური ინტერესების ერთ–ერთ საკვანძო ქვეყნად განიხილავენ. ისეთად, მაგალითად, როგორიცაა ისრაელი, სირია, იემენი, მონტენეგრო და ბალტიის ქვეყნები. ეს ერთი რიგის და მსგავსი ბედის ქვეყნები არ არის. საბოლოო ჯამში პოლიტიკური კონიუნქტურის ამ სიახლის უყურადღებოდ დატოვება არ ივარგებს.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ უმნიშვნელოვანესი და ახალი გეოპოლიტიკური აქცენტის შემცველი აღმოჩნდა.

ამერიკული სამხედრო ტექნიკის მარში, რა თქმა უნდა, საბრძოლო მანქანების უბრალოდ გადაადგილება არ არის. ის რუსეთის ღია გამოწვევაა. თუ რუსეთი არ უპასუხებს, ან ვერ უპასუხებს ამ გამოწვევას, ესე იგი თანახმაა, რომ კავკასიას განაგებდეს შეერთებული შტატები, მას სხვა გამოსავალი, გარდა ამის აღიარებისა, არ დარჩენია. რუსეთი იძულებული გახდება წავიდეს სამხრეთ კავკასიიდან თუ სანაცვლოდ მისი სამხრეთი საზღვრების უსაფრთხოების გარანტიებსაც მიიღებს დასავლეთისგან.

ყველაზე ცუდი საქართველოსთვის იქნება, თუ ის “წითელი ხაზები”, რომლებზეც ვიცე–პრეზიდენტი საუბრობდა, რუსეთის საოკუპაციო ხაზს გაჰყვება და დაფიქსირდება სტატუს–კვო: ორი ბაზა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთს, დანარჩენი სამხრეთ კავკასია აშშ–ს. ეს, ბუნებრივია, საქართველოსთვის მოვლენათა სასურველი განვითარება არ იქნება.

წვრთნებში “ღირსეული პარტნიორი 2017” არ მონაწილეობდა აზერბაიჯანი. ერთად, გვერდიგვერდ მონაწილეობდნენ თურქეთი და სომხეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

ანუ, წვრთნებში მონაწილეობდა სომხეთი, რომელმაც რუსეთთან ერთად სულ ახლახანს ერთობლივი სამხედრო ძალა შექმნა. ესეც სერიოზული სიახლე და მხედველობაში მისაღები ახალი ფაქტორია.

სომეხი ანალიტიკოსი აკოფ აბდალიანი მიიჩნევს, რუსეთმა სამხრეთ კავკასია ნატოს დაუთმო და ახლა ამ ფაქტის ლეგიტიმაცია ხდება.

ასე ხელაღებით დასკვნების გაკეთება, ვფიქრობ, ნაადრევია, მაგრამ ახალი პოლიტიკური რეალიები რომ კარს მოგვდგომია, ცხადია.

რას მოიტანს იგი – ხილულ პერსპექტივაში, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, ეკონომიკის აღორძინებას და მშვიდობას თუ სირიის სცენარით მოვლენების განვითარებას, ძნელი სათქმელია.

ამასთან, ისიც ცხადია, რომ ამერიკა ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ქვეყნის განვითარებისთვის უპირველესი ფაქტორი და სტრატეგიული პარტნიორია. ეს, სხვათა შორის, რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ახლომხედველურმა პოლიტიკამაც განაპირობა წლების განმავლობაში, იმ ისტებლიშმენტის, რომელმაც ბევრჯერ უმტრო საქართველოს და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობებს სხვა არჩევანის და მანევრირების საშუალება არ დაუტოვა.

ჩვენ შტატებთან ერთად უნდა ვიაროთ მიზნისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცე–პრეზიდენტმა პენსმა “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტის კითხვას – დაიცავს თუ არა ამერიკა საქართველოს რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში – მან ფაქტობრივად თავი აარიდა.

რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილის წინადადებას, საქართველოს საკითხებში ამერიკის მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, სჯობდა მას პირდაპირ გუბერნატორის დანიშვნა ეთხოვა. აბა სპეცწარმომადგენელი აშშ–ის ისედაც ჰყავს – აშშ–ის ელჩი საქართველოში.

 წყარო:http://pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები