გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ელჩ ლუკას ბეგლინგერს შვეიცარიის დაარსების დღე მიულოცა, პრემიერმა ისაუბრა ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რაც 25 წელს ითვლის და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დორის ლოიტჰარდის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც დეკემბერში იგეგმება. “საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა. მართალია, ვაჭრობას, ბიზნესსა და ინვესტიციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ბევრად უფრო ყოვლისმომცველია. შვეიცარიაში ჩემი ვიზიტისას, შვეიცარიელ კოლეგებთან განხილული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთიანი რეგიონების შენარჩუნება-განვითარება, რადგანაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. ისევე, როგორც შვეიცარიას, საქართველოსაც აქვს უდიდესი მემკვიდრეობა მთების სახით. მეტიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთიანი რეგიონები არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების ნამდვილი საგანძური”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა შვეიცარიელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელთა გამოცდილების გაზიარება პრემიერის თქმით, საქართველოს, მთის მემკვიდრეობის მდგრადობის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს. პრემიერის განცხადებით, შვეიცარია საქართველოსთვის ბევრი გაგებით მისაბაძი მაგალითია – პატარა და, ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყანაა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სწორედ შვეიცარიაშია მსოფლიოს ორი უდიდესი ფინანსური დედაქალაქი – ციურიხი და ჟენევა, ხოლო ქვეყანა, ზოგადად, ბიზნესის გლობალური ცენტრია. “ჩვენ ძალიან მსგავსი ხედვა გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვსურს, გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა ბიზნესის რეგიონულ ცენტრად და მოვიზიდოთ ინვესტორები მთელი მსოფლიოდან. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო უკვე წარმატებით დაადგა ამ გზას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა შვეიცარიის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საქმეში და ყველა ქართველის სახელით, შვეიცარიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფასდაუდებელი შუამავლობისათვის მადლობა გადაუხადა. “დღეს მე მქონდა პატივი, მემასპინძლა ვიცე-პრეზიდენტ პენსისთვის. მან გამოხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. საერთაშორისო საზოგადოების ურყევ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში. მადლობას მოვახსენებ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს თქვენი აქტიური მხარდაჭერისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ძვირფასო ელჩო, ძვირფასო მეგობრებო, ბერნში, ამ ულამაზეს ქალაქში, მე გაშლილი ხელით დამხვდნენ და მაშინვე თავი შინ ვიგრძენი. ვიმედოვნებ, თქვენც შინ გრძნობთ თავს საქართველოში და თქვენთვის თბილისში გატარებული დრო ისევე სასიამოვნოა, როგორიც ჩემთვის – ბერნში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები