პრეზიდენტი: ჯარისკაცები სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს, რომ ჩვენი საზღვრები იყოს შეულახავი
ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა, – ამის შსახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ გახსნასზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა. მეგობრებო, თქვენი თანამებრძოლები თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს, რომ ჩვენი საზოგადოებები იყოს დაცული, რომ ჩვენი საზღვრები იყოს შეულახავი, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სიმშვიდეში. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამ სამსახურისთვის. მადლობას გეუბნებით და მადლობას გეუბნებათ თითოეული მოქალაქე თქვენი ქვეყნებისა. დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში თქვენ ბევრ საინტერესო გამოცდილებას შეიძენთ და ბევრი აქედან წავა მეგობრად ერთმანეთისა, პირად მეგობრებად, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა, ბუნებრივია, ვითარდება და იწყება პირველი, ადამიანებს შორის მეგობრობითა და პატივისცემით. გისურვებთ წარმატებულ სწავლებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.