გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-სა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ყოველ წელს იზრდება

საქართველოში უკვე მესამედ ტარდება სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ და მისასალმებელია, რომ ამჯერად, ეს სწავლება, კიდევ უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ გახსნაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სწავლება ქართული ჯარისთვის პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება.
„საქართველოში უკვე მესამედ ტარდება სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ და მისასალმებელია, რომ ამჯერად ეს სწავლება კიდევ უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს სწავლება ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნის და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის – ეს იქნება მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოების და მეტი სტაბილურობის გარანტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც, თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან.
„რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა თანამედროვე საბრძოლო უნარ-ჩვევების შესაძენად და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩვენი სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ასეთი თანამშრომლობა აყალიბებს ურთიერთნდობას სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის, სწორედ ასეთი სწავლების დროს ეყრება საფუძველი თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რაც არის კიდეც მსგავსი სწავლების ძირითადი მიზანი. ამასთან ერთად, სამხედრო სწავლება კიდევ უფრო გააძლიერებს მასში მონაწილე ნატოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების თავსებადობას. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ყოველ წელს იზრდება. სწორედ ისინი გვიდგანან გვერდში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, ჩამოყალიბდეს სტაბილურ ქვეყნად თანამედროვე და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ქვეყანაში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა საქართველოს მიერ, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში შეტანილ ღირსეულ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი სახელმწიფოა ავღანეთში, სადაც 870-კაციანი კონტინგენტით არის წარმოდგენილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქართველმა სამხედროებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის სანდო და ღირსეული პარტნიორი, რომლის ნდობაც ნებისმიერი გამოწვევის დროს შეიძლება.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. პრემიერის შეფასებით, ამის დადასტურებაა სწავლება „ღირსეული პარტნიორიც“, რომელიც მთლიანად ამერიკული მხარის დაფინანსებულია.
„მოგეხსენებათ, რომ ხვალ საქართველოს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ეს ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის მხრიდან გადმოდგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისაკენ. დარწმუნებული ვარ, სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ნაყოფიერად ჩაივლის და ახალ ეტაპზე გადაიყვანს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ამ გამოცდილებას მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო თბილისში იმყოფება. გზავნილით – ძალა პარტნიორობაშია, საქართველო უკვე მესამედ, მრავალეროვნულ სწავლებას – „ღირსეული პარტნიორი 2017“ მასპინძლობს.
„ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. სტუმრებმა და ღონისძიებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები