“ბევრ პარტიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებზე კონსენსუსი არის, რასაც მათი მოთხოვნების და წინადადებების შესრულება ჰქვია”

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს გამოგზავნილ წერილს ეხმაურება. როგორც მან განაცხადა, ვენეციის კომისია კეთილ რჩევას აძლევს საქართველოს კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, მაგრამ ძალიან ბევრ პარტიას მიაჩნია, რომ კონსენსუსი ის არის, რასაც ჰქვია მათი მოთხოვნების და წინადადებების შესრულება, მათივე ინტერესების გათვალისწინებით. მისივე თქმით, ყველა საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს და კონსტიტუციური სამართალი საწინააღმდეგო პოზიციას არ აფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჩაიწერება კონსტიტუციაში.
“კონსენსუსი შეიძლება დაშვებული იყოს ზოგიერთ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა არა ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – აღნიშნა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელზე წერილი გამოაგზავნა, სადაც წერია, რომ: „კონსტიტუციაზე კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებო, დიდი მადლობა თქვენი ახალი წერილისთვის.
ვენეციის კომისია საკუთარ პოზიციაზე რჩება, რომ გამოსავალი ნაპოვნი უნდა იქნეს დიალოგის გზით, რათა მიღწეულ იქნას ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. ამავდროულად, ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის შეხედულებას. კომისიის როლი ვერ იქნება სპეციფიური გამოსავლის მოძებნაში“,- აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს წერილში. 15 ოპოზიციური პარტიის წერილი ვენეციის კომისიაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები