ცხინვალი: აქცია „პროპაგანდული პროვოკაციის სცენარს ჰგავს“
“მსგავსი ღონისძიებები საზღვრისპირა რაიონებში არის ძალიან სახიფათო“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დღეს გამართულ აქცია-პატრულირებას.
„დღეს დაანონსებული აქციის მსგავსი ღონისძიებები საზღვრისპირა რაიონებში არის ძალიან სახიფათო, რადგან მათ შესაძლოა, პროვოკაციული ქმედებები ახლდეს, რასაც ვითარების გამწვავება მოყვება. თუ ასე მოხდა, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ მხარეს, რადგან ისინი არ ცდილობენ ასეთი აქციების აღკვეთას“, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენელი მურატ ჯიოევი.
მისივე განმარტებით, აქცია „პროპაგანდული პროვოკაციის სცენარს“ ჰგავს და იმ „დესტრუქციული მიტინგების გაგრძელებაა“, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა საოკუპაციო ხაზთან.
ცნობისათვის, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ზოლთან ისევ რჩებიან. მისივე თქმით, აქციის ფორმატის ცვლილების დეტალები საღამოს გახდება ცნობილი.