ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველ ერს და ვაფასებთ ჩვენს ერებს შორის არსებულ კავშირებს

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველ ერს და ვაფასებთ ჩვენს ერებს შორის არსებულ კავშირებს“, – ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
რუვენ რივლინის თქმით, ქართველ და ებრაელ ხალხს ბევრი რამ აკავშირებთ.
“ისრაელში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს და საქართველოშიც არის საკმაოდ დიდი ებრაული დიასპორა. ჩვენს ერებს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. საქართველოდან ისრაელში და, პირიქით, ისრაელიდან საქართველოში ყოველწლიურად 150 000 ტურისტი მოგზაურობს. ეს კავშირები ჩვენ ძალიან გვახარებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ამ მიზნით ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ჩვენი ურთიერთობების გაფართოებას. თქვენი და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რადგანაც ის ცხადყოფს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების დიდ სურვილსა და მზადყოფნას. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველ ერს და ვაფასებთ ჩვენს ერებს შორის არსებულ კავშირებს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება”, – მიმართა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
გაფართოებულ შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები