20  წლის გოგონა, რომლის რეკომენდაციები მთავარმა პროკურატურამ გაითვალისწინა

ქეთევან ქავთარაძემ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა.
2013–2014 წლებში პრეზიდენტის სტიპენდიანტი იყო.
ქეთევანი საქართველოს პარლამენტის პრაქტიკანტი, მოგვიანებით კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის იურისტი გახლდათ.  დღეს კი იურიდიული კომპანია „OK & CG“-ის ადვოკატია.
ქეთევანი  არაერთი  კონფერენციის, კონკურსისა  თუ პროექტის გამარჯვებულია.
20 წლის ასაკში საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებულ პროექტში გაიმარჯვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებებზე  მისი რეკომენდაციები გაითვალისწინეს.

– ჯერ კიდევ ბავშვობიდან ზუსტად ვიცოდი, რომ იურისტი, კერძოდ კი – ადვოკატი გამოვიდოდი. სკოლაში სწავლის პერიოდშივე აღნიშნული სფეროსადმი გამძაფრებული ინტერესი მქონდა.ხოლო როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და სპეციალიზაციის არჩევის საშუალება მომეცა, არ დავფიქრებულვარ არჩევანის გაკეთებისას.
რაც შეეხება ოჯახს, ალბათ ოჯახმა და ოჯახურმა ვითარებამ განაპირობა, რომ ჩემი არჩევანი ისევდა ისევ იურიდიულ სფეროზე შეჩერდა.
სხვადასხვა პრობლემის გამო, ოჯახში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ვცდილობდი, გამეაზრებინა ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადამედგა პროფესიონალად ჩამოყალიბების რთულ გზაზე.
ჩემს არჩევანში  დიდი წვლილი  მიუძღვით ოჯახის წევრებს – დედას, დებს…
ასევე, იმ პატარ-პატარა იურიდიულ პრობლემებს, რომლებიც ჩემს ირგვლივ მუდამ არსებობდა, რაზეც გული მწყდებოდა და მინდოდა, რომ იურიდიულ სფეროში მიღწეული წარმატებებით მომავალში მათ დავხმარებოდი, ვისაც მსგავსი სახის პრობლემები ექნებოდა.
– რა პრობლემები დაგხვდათ?
– პრობლემები იყო საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად უკანონოდ დაკარგა ჩემმა ოჯახმა. არსებული გადმოსახედიდან გულდასაწყვეტია, რომ იმ პერიოდში, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ვერ შევძელი ოჯახის დახმარება.
სამწუხაროა, რომ ცხოვრებაში არაერთი უკანონობის მომსწრე გახდა ჩემი ოჯახი.  უფროსი და ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა და ის, ვისმა ქმედებამაც გამოიწვია მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის მოსპობა, დღემდე დაუსჯელია.
ასევე სავალალო შედეგით დასრულდა ექიმის მიერ დეიდის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობა, რის შედეგადაც ადამიანი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. მიზეზი კი, ის იყო, რომ ექიმი ფეხბურთის ყურებას შეჰყვა და დაავიწყდა მასზე, როგორც ექიმზე დაკისრებული ვალდებულებები. ეს ამბავიც ისე ჩამთავრდა, ექიმის მიმართ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული პიროვნება დღემდე მოქმედი ექიმია.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მაშინ სხვა პერიოდი იყო და ასე ხდებოდაო, მაგრამ ეს არ არის გამამართლებელი. ექიმები ხშირად ცდილობენ, მათი პროფესიული სირთულეებიდან გამომდინარე, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას.
მსგავსი შემთხვევბი კვლავ ხდება ჩვენ ირგვლივ და აშკარაა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მიმართებით კანონმდებლობა  ნამდვილად გადასახედია.
საბოლოოდ, აღნიშნული პროფესიის არჩევა სწორედ ზემოთ ხსენებული გარემოებებით გამოწვეულმა უსამართლობის, დაუცველობის გრძნობამ გადამაწყვეტინა.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში წარჩინებული სტუდენტი იყავით, საკმაოდ კარგი შედეგებით, პრეზიდენტის არაერთგზის სტიპენდიანტი… საქართველოს პარლამენტის სტაჟიორი, ასევე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის თანაშემწე და არაერთი საერთაშორისო დონის ღონისძიების ორგანიზატორი, მათ შორის კურირებდით საქართველოში გამართულ მეათე საიუბილეო  ACE Legal Forum-ს …
– სწორედ პრაქტიკაში  მეტმა ჩართულობამ განაპირობა ალბათ დღეს ჩემი იურისტად ჩამოყალიბება. მესამე კურსი დავამთავრე თუ არა, ოფიციალურად დავიწყე მუშაობა ოთარ კაჭკაჭაშვილის იურიდიულ კომპანიაში „OK & CG“.
ამ იურიდიულ კომპანიაში სტაჟირებაზე ვიყავი, მესამე კურსის ბოლო ეტაპზე, თუმცა სტაჟირების ბოლო ეტაპზე არჩევანი  ჩემზე გაკეთდა… სწორედ მაშინ გავხდი  “OK & CG-ის” დიდი გუნდის პატარა წევრი. იქიდან მოყოლებული, განვითარების ეტაპების თანადროულად, გავხდი ადვოკატი, ავიღე ლიცენზია და, დღეის მდგომარეობით, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ადვოკატი ვარ.
– 2015 წლიდან მუშაობთ იურიდიულ კომპანიაში OK & CG“.  რას გაიხსენებთ ამ პერიოდიდან, რომელ საქმეებს გამოყოფდით?
– არაერთი საქმის გახსენება შემიძლია, რასაც ვგულშემატკივრობდი – გული დამწყვეტია თუ პირიქით, გამხარებია და  შედეგები განმიცდია.
ძირითადად, მაინც ასეთი საქმეები საოჯახო ტიპის დავებია.
განსაკუთრებით სენსიტიურია ჩემთვის, როცა მშობლები  დავობენ სასამართლოში  ფინანსურ საკითხზე, ქონებაზე ან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრაზე, რასაც არასრულწლოვნები ძალიან ეოციურად აღიქვამენ და რაც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.
მსმენია, რომ ადვოკატები გულგრილად უყურებენ ასეთ საკითხებს, არ განიცდიან სხვის პრობლემებს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის, თითოეული ჩვენგანი უშუალო მონაწილეა აღნიშნული დავების და ისევე განვიცდით, აღვიქვამთ საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას, როგორც ჩვენი კლიენტები, რადგან ზედმიწევნით გვაქვს გაანალიზებული ადვოკატზე, როგორც უფლებადამცველზე, დაკისრებული მოვალეობები.
– რამდენად თავისუფალია ადვოკატი საქართველოში?
– ვიტყოდი, რომ სამოქალაქო-ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებში, მეტ-ნაკლებად, წინსვლაა, გაცილებით სწრაფი ცვლილებები განიცადა კანონმდებლობამ ადვოკატის უფლებების დაცვის კუთხით.  რაც შეეხება სისხლის  სამართლის მიმართულებას, ვიტყოდი, რომ კიდევ მრავალი ნაბიჯია გადასადგმელი ადვოკატის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზისკენ.
– თუ არის ზეწოლა ადვოკატებზე?
– ჩვენ არ გვქონია ასეთი შემთხვევები, მაგრამ ადვოკატებთან ურთიერთობისას მსმენია, რომ გარკვეული სახის ზეწოლები შეიმჩნევა…
– 2013 წელს ახალგაზრდა კრიმინალისტების კონკურსში გაიმარჯვეთ…
–   ეს იყო კონკურსი, რომელიც ახალგაზრდა  იურისტებისთვის ტარდებოდა. გარკვეული პრიზიც იყო დაწესებული, რომელიც ამ შემთხვევაში მე მხვდა წილად. ზოგადად, თუ რომელიმე კონკურსში ვმონაწილეობდი, ან ვიმარჯვებდი, ყველაზე ახალგაზრდა  ყოველითვის   მე ვიყავი. იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
– 2014 წელს გაიმარჯვეთ კონკურსში – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“…
– ამ კონკურსს მთავარი პროკურატურა ატარებდა. ვინაიდან არასრულწლოვანთა კოდექსის პროექტი მაშინ იქმნებოდა, საკითხი მეტად აქტუალური და საინტერესო იყო. გაიმართა დისკუსია საქართველოს მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირებთან, ასევე სახალხო დამცველთან. ეს იყო პერიოდი, როდესაც  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება რეალურად არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში ჩემი გუნდის მიერ მომზადებული იქნა თემა  არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. საბოლოოდ, კონკურსში მონაწილე ასობით კონკურსანტიდან ჩემმა თემამ გაიმარჯვა, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად მოვამზადე  და, ამასთანავე, აღნიშნულ კოდექსზე მუშაობისას  პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ ჩვენ მიერ დასახელებული რეკომენდაციებიც გაითვალისწინა.
პირველი ნაკადი, ვინც ეს ცვლილებები გაიარა და გააანალიზა,  ვიყავით სწორედ ზემოთ ხსენებულ კონკურსში მონაწილე პირები.
განვითარებად ქვეყნებს არასრულწლოვანთა მიმართ განყენებული, განსხვავებული მართლმსაჯულება აქვთ. ჩვენ კი არ გვქონდა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ კოდექსის მიღება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია  ქართულ მართლმსაჯულებაში.
– რატომ მოგწონთ იურიდიული კომპანია „OK & CG“? რით გამოარჩევდით მას?
– პირველი, რითაც გამოვარჩევდი, ეს არის ამ კომპანიის მიდგომა პროფესიისადმი და თვითონ საადვოკატო საქმიანობისადმი, რასაც, თამამად ვიტყვი, რომ იშვიათად ნახავთ სხვა იურიდიულ კომპანიებში. ადვოკატობა არის საქმიანობა, რომელიც მხოლოდ დიპლომის აღებით არ ისწავლება. ადვოკატობა გაცილებით მეტია, ეს არის ცოდნა, გამოცდილება, ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება. ამ კომპანიაში ყველაფერს ერთობლიობაში შემოგთავაზებენ.  კომპანიაში დასაქმებული ყველა პირი ცდილობს ერთმანეთის გვერდში დგომას. მთლიანობაში კი, ჩვენი გამოცდილება და პროფესიული ზრდა ისახება ჩვენი კომპანიის წინსვლაზე.
თავად ამ კომპანიის მიდგომა, გამოცდილებიდან გამომდინარე, დახვეწილი და კლიენტების ინტერესებზე მორგებულია. ვფიქრობ, უმთავრესი მიზეზი კომპანიის წარმატებული მუშაობისა სწორედ ისაა, რომ ზედაპირულად არ ვუყურებთ კლიენტების პრობლემებს.
ვიტყოდი, რომ საადვოკატო საქმიანობაში იშვიათია ასეთი კომპანია, სადაც ერთობლიობაში შეხვდებით ადამიანური ურთიერთობებისა და საქმისადმი მსგავსი შემართების არსებულ იდეალურ კონტრასტს.
– თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით საკანონმდებლო სისტემაში?
– კანონმდებლობის თვალსაზრისით  არაერთი სახეცვლილებაა საჭირო.
დავების განხილვისას არაერთი სახის პრობლემა იჩენს თავს. შეუსაბამოდ დიდი ვადით იწელება საქმეების განხილვა სასამართლოში, რაც მოდავე მხარეების ინტერესებს კიდევ უფრო აზიანებს. განსაკუთრებით კი, მეწარმე-სუბიექტებს ადგება თზიანი, ვინაიდან მეწარმე-სუბიექტები  თავისი საქმიანობით მთლიანად დამოკიდებულნი არიან ფინანსურ აქტივებზე.
ამიტომ მიმაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისისთ  განსახორციელებელია გარკვეული ცვლილებები.
ხარვეზია ისიც, რომ სისხლის სამართლის სტაჟიანი მოსამართლე არ შეიძლება განიხილავდეს სამოქალაქო სამართლის დავებს. სამოქალაქო სამართლებრივ დავებს განსხვავებული სპეციფიკა აქვს სისხლის სამართალთან მიმართებით, რაც მოსამართლეთა მხრიდან ხშირად ხდება საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
არის კიდევ შემთხვევები, რომ სხვადასხვა სახის პრობლემებს ვაწყდებით სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მტკიცებულებების მოპოვების ეტაპზე. ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ შენ, როგორც უფლებამოსილმა პირმა, რომელსაც უფლება გაქვს, გაეცნო საქმის მასალებს, გამოითხოვო ასლები, ხშირ შემთხვევაში,  ეს უფლებამოსილება დაუსაბუთებლად გეზღუდება.
იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობაში არ წერია, რომ ასეთ ორგანოს უფლება აქვს, უარი თქვას საქმის გაცნობაზე, პრაქტიკაში ვხვდებით ხოლმე, რომ თავის არიდების მიზნით, არაერთმნიშვნელოვანი პასუხებით ცდილობენ, განმცხადებელს აურიონ გზაკვალი და, საბოლოო ჯამში, უარი უთხრან  გარკვეული სახის მასალების, მტკიცებულებების გადმოცემაზე.
ვფიქრობ, კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რაც კანონმდებლობის დონეზეა დასარეგულირებელი, არის გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული შიდა აუდიტის სამსახურების არსებობა, რომელთა შექმნაც, ძირითადად, დავის შემთხვევაში მიზნად ისახავს კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესების დაცვას არასწორი დასკვნის (ანგარიშის) შექმნის ხარჯზე. აღნიშნული დასკვნა კი, ხშირ შემთხვევაში საქმეზე არასწორი, უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება.
– სამომავლოდ რას გეგმავთ?
– მომავალში უფრო აქტიურად ვაპირებ საადვოკატო საქმიანობაში წინსვლისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმას და სწავლის გაგრძელებას.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები