სოფო ქაცარავა: საქართველო სარგებლობს კონგრესის მხრიდან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი სოფო ქაცარავა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ შეთანხმების კანონპროექტს ეხმაურება, რაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ითვალისწინებს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროექტში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერებია გაკეთებული.
მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.
„21 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიაღწია შეთანხმებას კანონპროექტის (Russia, Iran and North Korea Sanctions Act) ტექსტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე, ითვალისწინებს ახალი სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მივესალმები ამ უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვის დაწყებას, სადაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერებია გაკეთებული.
საქართველო სარგებლობს კონგრესის მხრიდან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებას. კონგრესის მხრიდან მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, საქართველო სარგებლობს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერით, რაც გამოხატულია სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებით. ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაზეც მეტყველებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მიღებული რეზოლუციები და არაერთი განცხადება. მჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და ველოდებით მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ კონსოლიდირებულ და ქმედით ნაბიჯებს“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები