საგარეო საქმეთა სამინისტრომ ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა ​

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი აჰმედ ალ-ჰინაი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეორე კონსულტაციები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი განიხილეს. ორივე მხარემ გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, რომ ხელი შეუწყონ ორმხრივი სექტორული ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, ხაზგასმით აღინიშნა ტურიზმის სექტორი.
მხარეებმა ომანიდან ვიზიტორების რიცხვის ზრდა დადებითად შეაფასეს და ამ კუთხით, მომავალში ჩასატარებელი სამუშაოები დასახეს. ქართულმა მხარემ ომანის მხარეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნესგარემო დეტალურად გააცნო. შეხვედრაზე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებზეც ისაუბრეს.
მხარეებმა უსაფრთხოების გლობალური საკითხები და მიმდინარე გამოწვევები მიმოიხილეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
კონსულტაციების პარალელურად, გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, დავით ზალკალიანთან.
ცნობისთვის, 25 ივლისს ომანის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ესტუმრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები