დიდუბეში, ზუგდიდის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება

თბილისის მერი დავით ნარმანია დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ახალი, ხუთჯგუფიანი ბაღი ზუგდიდის ქუჩის N3-თან შენდება. პროექტისთვის 1 019 მ2 ტერიტორიაა გამოყოფილი.
,,კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ და პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანი და, პარალელურად, შენდება სკოლაც. სკოლა და ბაღი – ერთ კონცეფციაში ძალიან მარტივი და მოსახერხებელი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შესაბამისად, კიდევ ერთი კარგი საქმე კეთდება უბნისთვის, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მშენებარე ბაღის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დავით ნარმანიას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ მიაწოდა. მისი თქმით, დიდუბის რაიონში მოთხოვნა საჯარო ბაღებზე ძალიან დიდია, რასაც ბაღების არსებული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ, ქალაქის გადატვირთულ რაიონში მოხერხდა გარკვეული ტერიტორიის მოძიება, სადაც ახალი, ხუთჯგუფიანი საბავშვო ბაღი აშენდება. ამავე მიზეზით, საბავშვო ბაღის პროექტი განსაკუთრებულია – ის მწვანე სახურავის პრინციპით მოეწყობა – სათამაშო მოედანი და მწვანე სივრცე შენობის სახურავზე განთავსდება.
ბაღში ერთი ბაგის და ოთხი 3-დან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 35-მდე ადამიანი.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობასთან ერთად, ზუგდიდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. 1 050 მ2 ფართობზე ასფალტის ახალის საფარი იგება. სამუშაოების დამკვეთი დიდუბის რაიონის გამგეობაა.
თბილისის მერთან ერთად, დღეს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშილმა, მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები