მეგობრის მკვლელობისთვის უკანონოდ გატარებული 8 წელი ციხეში – „ეს, იყო უსამართლო განაჩენი, რომელმაც გამანადგურა“

“ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან”,- ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა 18 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ ვახტანგ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებულის, თამაზ გოგიას მიმართ, რომელიც 8 წლის განმავლობაში ამ ვერდიქტს ელოდა.
გაზეთი „კვირის პალიტრა“ ციხიდან გათავისუფლებულ თამაზ გოგიას პირადად ესაუბრა, სადაც უკვე ყოფილი პატიმარი საკუთარ ემოციებზე საუბრობს.
„სკამიდან ვერ ვდგებოდი, ფეხები ამიცახცახდა, გაშტერებული ვიჯექი ნახევრად არ მესმოდა, მოსამართლე რას ამბობდა, რომ ჩამოთვალა წაყენებული მუხლები, მეგონა, ისიც ბრალს მდებდა, ბოლოს რომ თქვა გათავისუფლდესო, ძლივს წამოვდექი. დარბაზში იყვნენ ჩემები, ჩემი და ტიროდა, ის მეცოდებოდა ძალიან. ერთი წლით არის ჩემზე პატარა, ახლა 69 წლის ვარ… საწოლზე ვერ ვიძინებ, წარმოგიდგენიათ, 8 წელი ე.წ. შმონკაზე რომ იწვები, მერე საწოლზე დაწოლა რა არის. რამდენიმე დღე დავისვენებ, სამართალმა იზეიმა, გამართლების საბუთი მაქვს და იქნებ ჩემი ქონება დავიბრუნო, ნაწილი ქონების წაღებულია, ნაწილი – დაყადაღებული, როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი. ჩემი ოჯახის მარჩენალი მე ვიყავი და დღეს ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს, ასე დამაქციეს. მთავრობის შეცვლის შემდეგ, სულ იმედი მქონდა, რომ უდანაშაულობას დავამტკიცებდი. პროკურატურამ მოკიდა ხელი ამ საქმეს, თავიდან ჩატარდა ექსპერტიზები, ძალიან მონდომებით იმუშავეს. მართალია, ციხეში ვიყავი გამოკეტილი, მაგრამ ამ პროკურორებს რომ ვუყურებდი, იმედი მომეცა. მართლა რამხელა განსხვავებაა ძველს და ახალ პროკურატურას შორის. დიდი სამუშაო ჩაატარეს და სამართალი აღდგა. მადლობა პროკურატურას, დროში გაიწელა, რადგან დიდი სამუშაო იყო, მიფუჩეჩება კი არ შეიძლებოდა, არგუმენტებით უნდა ყოფილიყო გამყარებული, გამოტანილი განაჩენი რომ შეცვლილიყო. ამისთვის მართლა უზარმაზარი შრომა გაწიეს. წარმოიდგინეთ, 8 წელიწადი ვიჯექი, ეს ხომ არ არის 8 თვე ან 8 დღე, რა დღეში ვიყავი ეს წლები, იყო უსამართლო განაჩენი, რომელმაც გამანადგურა. გამიგია წამალს უდებენ ადამიანს და ასამართლებენ, მაგრამ ორი მიცვალებული, უახლოესი მეგობარი მოკლაო დააბრალო, ეს საშინელებაა. როგორ უნდა მეცხოვრა მე ან ჩემს შვილებს ამ ბრალით, ამაზე მეტი ფიქრი არ მქონდა ეს წლები. ამის დაბრალება შეიძლებოდა? სასამართლომაც მოკვლევა ჩაატარა და მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. თუმცა სულ ვნერვიულობდი ვაი თუ, არ გამოიტანონ გამამართლებელი განაჩენი და ვაი თუ, ამათაც ვერ დაინახონ ჩემი სიმართლე – მეთქი. მაგრამ აღდგა სამართალი, ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რა მდგომარეობაა, ამხელა ბინძური ლაქა რომ მომეხსნა, ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. ამ ლაქით როგორ უნდა ევლოთ? ჩემს მეგობრებს, კიდევ კარგი, არ სჯეროდათ ამ ვერსიის, მაგრამ იცით, იმასაც ლაპარაკობდნენ, ბრალი აღიარაო. სულ რომ მოვეკალი ვინმეს, როგორ ვაღიარებდი ამ საშინელ მკვლელობას, იმას, რაც არ ჩამიდენია“, – აცხადებს თამაზ გოგია.
აღსანიშნავია, რომ თამაზ გოგია და გენერალი ვახტანგ ნინუა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.
„ 40 წელი ერთად მოვდიოდით, ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, აგარაკზეც კი ერთად დავდიოდით. ჭირში თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით ვიყავით. უშიშროების გენერალი იყო, ის თავის საქმეზე არასოდეს არ საუბრობდა ჩემთან და არც მე არასოდეს მიკითხავს მისთვის რამე. ამ საქმეში, ფაქტობრივად, ყრუ-მუნჯი იყო… მშენებლობა რომ წამოვიწყე, პენსიაზე იყო გასული, გაუხარდა ჩემთან რომ წავიყვანე. რატომ მომივიდოდა აზრად მისი მოკვლა? ან რა მიზეზით უნდა მომეკლა? ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ამხელა ბრალდება. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ იგივე ხელწერა იყო გოჩა მაღალთაძის მკვლელობაში, ისიც ერთი ტყვიით იყო მოკლული, ოთახში ელექტროქურა იყო ჩართული და წიწაკა მოყრილი… ეს მხოლოდ პროფესიონალს შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ ამის გაგონება არავის სურდა. პირველივე წუთებიდან ვიძახდი, ვინც მაღალთაძე მოკლა, იმან მოკლა თამაზი და ეთერი და მე ნუ ამკიდებთ ამხელა ცოდვას-მეთქი, მაგრამ არ გამიგონეს, მე დამაბრალეს, ამხელა ცოდვა ჩაიდინეს. ოჯახი დამიღუპეს, მეგობრები, ვინც გვერდზე მედგა და მეხმარებოდა, ყველა დამიღუპეს. მშენებლობის გამო, თანხა მქონდა აღებული, ბევრმა ახლობელმა ჩამიდო ბინა, ჩემი დაკავებით, ყველანი ვალებში ჩავარდნენ, რადგან ბინა, ქონება ბანკში ჰქონდათ ჩადებული იმისთვის, რომ მე ამეშენებინა. დაგვღუპეს, ამდენი წელი ციხეში გამომკეტეს, დღეს დამთავრებული და ამუშავებული მექნებოდა ყველაფერი. ჩემი შვილები დღეს ნაქირავებში არიან. პროკურორმა ხიზანიშვილმა პირდაპირ მითხრა, 10 წელს მოგისჯი და ციხეშიც მოგივლი, თუ აღიარებო, თუ არადა, დაგსჯი ბოლომდეო. რა უნდა მეღიარებინა, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი და მისი მეუღლე მოვკალი? “- სვამს რიტორიკულ კითხვას ყოფილი პატიმარი.
ამავე ინტერვიუში, თამაზ გოგია ამბობს, რომ მისთვის დღემდე გაუგებარია, წლების წინ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ პირად მაინცდამაინც ის რატომ შეარჩიეს.
„ ვერ გახსნეს გახმაურებული საქმე და ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ და მე შემარჩიეს. შტაბის სხდომაზე მოვიდა ვანო მერაბიშვილი, მერე მასთან შემიყვანეს, მითხრა, რატომ მოკალი, ოჯახი შენ გაბრალებსო. – არ მომიკლავს- მეთქი! რომ არ ვაღიარე, 4 დღეში შეამოწმეს ჩემი ფირმები, გამომიყვანეს ბანდიტად და თაღლითად, ფულის მოპარვიდან დაწყებული, ყველაფერი წამიყენეს ბრალად, შემიკერეს საქმე, თურმე ჩემს ფირმაში ფული მოვიპარე. შემიკრიბეს იმდენი ეპიზოდი და გამოვიდა 69 წელიწადნახევარი. რადგან 61 წლის ვიყავი, მომისაჯეს 30 წელი, ხელისუფლების შემდეგ, ამნისტიამ დამიტოვა 12 წელი, 8 წელი ვიჯექი ციხეში, მითხარით, რა ჭკუაზე უნდა ვიყო?“ – ამბობს თამაზ გოგია.
უკვე ყოფილი პატიმარი გამოცემასთან საპატიმროში გატარებულ ყოფაზე საუბრობს.
„ იმ რეჟიმის დროს რაც იყო, ამის გადმოცემა შეუძლებელია. ხაინდრავას ფილმში რაც არის ასახული, ეს ყველაფერი სიმართლეა და იქიდან ნახევარზე მეტი მე მაქვს პირადად ნანახი. საშინელება იყო პირველი სამი წელი, რაც მე გამოვიარე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამოისუნთქეს პატიმრებმა, ვისაც არ განუცდია ეს ყველაფერი, ამას ვერ მიხვდება. საშინელ მდგომარეობაში ვიყავით და მერე დავიბადეთ ხელმეორედ. სულ სხვა მდგომარეობაა დღეს. როცა დამნაშავე ხარ და მისჯილი გაქვს, უნდა მოიხადო, მაგრამ როცა დანაშაული ჩადენილი არ გაქვს და გაბრალებენ, ეს საშინელებაა, ეს, პირველ რიგში, შეურაცხყოფაა, ეს უნამუსობის ჩადენაა, ეს ხომ მთავრობამ გააკეთა და მერე ამბობდნენ, ცხოვრება საამურიაო. რომ გადამეღობა ვინმესთვის გზა, ფეხი დამედო, ცუდი გამეკეთებინა, ვიტყოდი, ამის გამო დამსაჯეს – მეთქი, მაგრამ ვერ გამიგია, რატომ მომექცნენ ასე. მოსამართლემ მკითხა კიდეც, თქვენ რატომ ამოგარჩიესო, ამაზე ვფიქრობ ეს წლები, მაგრამ პასუხი არ მაქვს. რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი“, – აცხადებს თამაზ გოგია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები