“ქართველთა მარშის” წევრებმა “ევროპული საქართველოს” წევრებს კვერცხები და ცოცხები ესროლეს

აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს “ევროპული საქართველოს” წევრებს  “ქართველთა მარშის” წევრებმა კვერცხები, ცოცხები და სხვა საგნები ესროლეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდნენ.  აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად მსუბუქად დაშავდა.

აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ის ახლა მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიას უახლოვდება.

ადგილზე პოლიციელთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

“დღეს უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართული სტუმართ-მასპინძლობა არ არის ლიტონის სიტყვები, რომ ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო არ არის ლიტონის სიტყვები, რომ გრიგოლ ფერაძე ტყუილად არ მომკვდარა და ტყუილად არ შეწირა საკუთარი თავი. საქართველოს  გადარჩენა უწერია და გადარჩება, როგორც ღია ქვეყანა, რომელიც იღებს ტურისტებს და ინვესტიციებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმდნენ და სიღარიბე დავძლიოთ. საქართველო გააცნობს თავის კულტურას და ანახებს თავის კულტურას, ეს არის კონკურენცია, რომლისაც საქართველოს კი არ უნდა შეეშინდეს, პირიქით მოწინავე ქვეყანა უნდა იყოს და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ფაშიზმი”, – განაცხადა აქციაზე გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქოს განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც საპატრიარქო “ქართველთა მარშის” წევრებსა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს დღეს დაგეგმილი აქციების გაუქმებისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, აქცია მაინც გაიმართა.

„როგორც იმათ აქვთ უფლება – ჩვენ ხომ არ ვუშლით მათ მსვლელობას ამ შემთხვევაში. პატრიარქის კურთხევა შესრულებულია, მაგრამ აქვე ვართ ტროტუარზე და სათქმელი, რომ ისინი არიან ფაშისტები და რეჟიმის გადმონაშთები, უნდა იცოდნენ. ისინი არ არიან დემოკრატები. ისინი თვითონ არიან რუსული ნარატივი. ისინი თვითონ არიან რუსული გეგმის ნაწილი იმიტომ, რომ მათი გეგმით ჩაბარდა აფხაზეთი და სამაჩაბლო მტერს. მათი გეგმით ვიტანჯებოდით პოლიტპატიმრები ციხეებში და დღეს არ მოხდება ისე, რომ მათ საქართველოს დედაქალაქის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში ისე გაიარონ, რომ მათგან ნატანჯმა მოსახლეობამ თავი დაუღუნოს და სათქმელი პირში არ მიახალოს ამ ხალხს. ჩვენ ვიცავთ ჩვენ უფლებას, იმათ თავისი უფლება განახორციელონ. პოლიციას ვთხოვ, რომ იყონ ობიექტური, შეასრულონ კანონი. მესმის, იცავენ სანქცირებულ მიტინგს, კანონს იცავენ, ძალიან კარგი. პოლიციასთან არაფერი გვაქვს სადავო, რომელიც შევიდა კოჰაბიტაციაში დამნაშავეებთან და ჩვენ ჩაგვაყენა ამ მდგომარეობაში” , – განაცხადა “ქართული მარშის” წევრმა ზაზა დავითაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები