„ჩრდილში დგომით შენს სამზეოს ზოგჯერ ისინი ითავსებენ, ვისაც სხვაზე არასოდეს უფიქრია“… – რა უთხრა გოდერძი ჩოხელმა ზეინაბ მეტრეველს

ქართლის ულამაზეს სოფელში დაიბადა.  პირველი ლექსი მე-4 კლასში დაწერა და მეუფე თადეოზის გამორჩეული შეფასებაც დაიმსახურა, რომელიც მისი პირველი დამკვალიანებელი და მეგობარი გახდა…
უჩვეულო ისტორია კი 500-გვერდიან რომანს – „საყდრის ჩიტებს“ დაჰყვა. ნაწარმოები პირველი ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ დაიწერა და ომისგან იავარქმნილი სოფლის ცხოვრებას ასახავს. წიგნის რედაქტორები ოთარ ჩხეიძე და გოდერძი ჩოხელი იყვნენ,  რომანი  გამოარჩია  ოთარ ჭილაძემ…
ამბობს, რომ დღეს „ქართლი“ მისთვის პირობითი ცნებაა, რომელშიც იმედიც კი ვეღარ ეტევა თავისი სივიწროვის გამო… საყდარში კი ტკივილით ფრთებდაკეცილი, მობუზული და უსამშობლო ჩიტები სხედან…
და მაინც, ლექსები – „სულის მოსათქმელი ხმიადი“ იწერება და იწერება… თვითრეკლამას ისევ  ჩრდილში დგომას ამჯობინებს, თუმცა იცის, რომ  „ჩრდილში დგომით შენს სამზეოს ზოგჯერ ისინი ითავსებენ, ვისაც სხვაზე არასოდეს უფიქრია“…მწერალ ზეინაბ მეტრეველის პერსონა.

 – დავიბადე ქართლის ულამაზეს სოფელ – ფლავში, რომელიც წლების შემდეგ კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდა.მანამდე იყო უზუნველი ბავშვობა, მშრომელი, თავის ბედთან შეჭიდებული, კეთილი და ალალი მშობლების გარემოცვაში.
მამა – იაშა (ირაკლი) მეტრეველი, სამამულო ომის ვეტერანი იყო, მთელი 5 წელი იბრძოდა და ბერლინამდე მიჰყვა გამარჯვებას, ამიტომ ყველაზე კარგად იცოდა მშვიდობის ფასი. დაბრუნების შემდეგ, თავდაუზოგავი შრომის შედეგად წელში გამართულ ოჯახად აქცია ის კერა, სადაც ოთხი შვილი გაგვზარდა.
დედა – ანა ტატიშვილი რეპრესირებული ოჯახიდან იყო, მისი ოჯახი, როგორც აზნაურები, გააკულაკეს და გააპარტახეს. მის ბებიას და პაპას გულმა ვეღარ გაუძლო და მათი ობლები – დედის ჩათვლით კოჯრის უპატრონო ბავშვთა სახლში გადაიყვანეს აღსაზრდელად, სადაც დედა დაეუფლა მუსიკას, ეზიარა ხელოვნების სიყვარულს, რაც მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, ზედმიწევნით იცნობდა ქართულ და ევროპულ ლიტერატურას, თავადაც წერდა ლექსებს და შვილებს წიგნებისადმი სიყვარულს გამუდმებით გვინერგავდა. მახსოვს ბედნიერი საღამოები, როცა ფანჯარასთან შემომჯდარი, როგორ სულგანაბული ვუსმენდით დედის შვიდსიმიანი გიტარის კვნესას.დედას იშვიათი მესამე ხმა ჰქონდა, დღესაც ჩამესმის მისი სიმღერები გამორჩეული ხმის ტემბრით და შესრულების თავისებურებით.
მაშინ სოფელი მართლა ერთი დიდი, თბილი, ყველას გამკიცხავი, მაგრამ ყველას შემნდობიც იყო. სხვაგვარი ურთიერთობები გვქონდა ერთანეთთან, ჭირიც საერთო იყო და ლხინიც, 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას, ყველა ერთ რიგში ჩამდგარნი შევუყვებოდით ხოლმე იკორთის ტაძრისკენ მიმავალ აღმართს და თითოეული თავისებურად ეძებდა იმ ღმერთს, რომელსაც ასე დღისით, მზისით, თვალწინ უმალავდნენ, ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც.
აკრძალვის მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ იმ უბრალო რიტუალების შესრულებას, რომელშიც ღმერთის სიდიადის წინაშე შიშს, მოკრძალებას და რიდს გამოხატავდნენ, არ იცოდნენ ათი მცნება და მაინც ამ მცნების მიხედვით ცდილობდნენ ეცხოვრათ, ჰყვარებოდათ, მიეტევებინათ და წუთისოფლისთვის თავში წამოკვრის უფლება არ მიეცათ.
– ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ… ნიკოლოზ ბარათაშვილის უკანასკნელი სტიპენდიანტი იყავით…
– დავამთავრე გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაშინ იმ კედლებში სხვა სული ტრიალებდა. აქ ასწავლიდნენ ცნობილი პროფესორები, კოლორიტული პიროვნებები, რომელთა ლექციებზე დასწრება სავალდებულო კი არა, უბრალოდ სულის მოთხოვნილება იყო…
მე ბარათაშვილის უკანასკნელი სტიპენდიანტი ვიყავი, რადგან იმ წლებში უნივერსიტეტში ეკონომიკური ფაკულტეტების ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო, ჩვენი გამოშვება ერთ-ერთი ბოლო იყო ისტორია-ფილოლოგიის განხრით, ამიტომ პრემიის გაცემაც თავისთავად შეწყდა….
– პირველად ალბათ ლექსებს წერდით… გაიხსენეთ პირველი ლექსი…
– მეოთხე კლასში ვიყავი, პირველი ლექსი რომ „დავჯღაბნე“, დედაჩემი სიხარულით ცაში დაფრინავდა, შვილი პოეტი მეყოლებაო, ის ლექსი, მაშინვე, ახალგაზრდა პოეტს, ჩემი სოფლის გამორჩეულ შვილს – მეუფე თადეოზს აჩვენა (ერისკაცობაში მირიან იორამაშვილი), მას შემდეგ ჩვენ მეგობრები გავხდით, ის იყო ჩემი პირველი დამკვალიანებელი, მრჩეველი, მასწავლებელი, ძმა და მეგობარი…
ჩვენი მეგობრობა, მისი სატაძრო კაცად გახდომის შემდეგაც გრძელდებოდა. მახსოვს, პირველად, როგორ მიჭირდა მისთვის „მამაოთი“ და შემდეგ „მეუფით“ მიმართვა. ღიმილით მეტყოდა ხოლმე: „ნუ სწუხარ, შენ შეგიძლია ისევ „მირიანით“ მომმართოო“.
დიდებული პიროვნება იყო, გამორჩეული, თავმდაბალი, პატიოსანი, მხოლოდ სულიერი სიმდიდრის მომხვეჭი და აკი ასედაც დატოვა აუწონავ-გაუფლანგველი სულიერება ყველასთვის, ვისაც მასთან შეხება ჰქონია…
აი, ის პირველი ლექსიც, მრცხვენია, თუმცა არც ახლა ვარ დიდი პოეტი, ამიტომ შემიძლია გითხრათ:

„მოჩუხჩუხებს ნაკადული,
და თან მზე სხივს აფრქვევს,
წყაროს ნაპირას მეც ვიდგები,
რომ მათ თამაშს ავყვე,
დიდხანს ვიდექ მის ნაპირას,
გავცქერდი მთას და მდელოს
და ვიძახდი, რა კარგი ხარ,
ჩემო ტკბილო საქართველო“…
სასაცილოა, მაგრამ შემდეგ დაწერილი, მასზე უკეთესი არცერთი ლექსი არ მახსოვს დღემდე, ის კი არასოდეს დამავიწყდება.
დედაჩემი, ოლღა ბებიასავით დააფრიალებდა ამ პირველ ნაჯღაბს და იძახდა: „ ჩემი შვილი პოეტი უნდა გამოვიდესო“, თუმცა ასე არ მოხდა.
– „უფლის ძიებამ საყდრამდე მიმიყვანა, სადაც ტკივილით ფრთებდაკეცილი, მობუზული და უსამშობლო ჩიტები დამხვდნენ“, – წერთ ერთგან… როგორ დაიწერა რომანი “საყდრის ჩიტები”?
–  „საყდრის ჩიტები“ – უბედური ბედის რომანი გამოდგა ჩემთვის, ამ რომანმა მომიტანა ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე მეტადაც მატკინა გული. გამოიცა 2004 წელს, მაშინ ახლად შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, ამ წიგნში გატარებული ეროვნულობა ძალზე მოძველებული ეჩვენათ. მახსოვს, ერთ-ერთმა დიდმა გამომცემლობამ მაშინ უარი მითხრა დაბეჭდვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მასში არც თუ სიმპათიით  მოვიხსენიებდი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ უბედურებას მხოლოდ შეშფოთებით გამოხატავდნენ.
ხუთი წელი ვფიქრობდი ამ რომანზე და… იმდენად მტკიოდა, რომ მერე თითქმის სამ თვეში დავწერე ხუთასგვერდიანი რომანი, მაშინ შუქი არ იყო, არც გათბობა, ვწერდი ღამღამობით, პირველიდან ხუთ საათამდე, გორში, ჭალის დასახლებაში, გაყინულ ოთახში, სანთლის შუქზე, ვწერდი მაშინ, როცა მოვათავებდი „დედის“ საქმეს, დავაძინებდი ქმარ-შვილს და ვუბრუნდებოდი ჩემს პირველყოფილ „მე“-ს. დილით  ჩემი ქმარი დგებოდა და ისიც გათოშილი იწყებდა ბეჭდვას. ის იყო სტილისტიც, მკითხველიც და შემფასებელიც.
წიგნის რედაქტორები ოთარ ჩხეიძე და გოდერძი ჩოხელი იყვნენ. ოთარ ჩხეიძე ჩემი უფროსი მასწავლებელი – მეგობარი და ძალიან დიდი მწერალია, რომლის ყოველი სიტყვა ძალასა და იმედს მმატებდა იმისათვის, რომ მეც რაღაცა „შემექმნა“, გოდერძი ჩოხელი ჩვენი ოჯახის დიდი მეგობარი და ჩემი ვაჟის ნათლია იყო, ჩვენ დიდი სულიერი სიახლოვე გვაკავშირებდა ერთმანეთთან, ძალიან ჰგავდა ჩვენი სიხარული და ტკივილი ერთმანეთს… როცა ეს რომანი – „საყდრის ჩიტები“ წაიკითხა, დაბალი ხმით მითხრა: „აჰა, შენც ჩემსავით უბედური იქნები“, ამის შემდეგ, მეტი არაფერი უთქვამს, თუმცა ეს იყო ყველაზე დიდი შექება, რაც კი ამ რომანის გამო მიმიღია.
– რომანის უმთავრესი თემა ომია, სამაჩაბლოს  კონფლიქტი… ომმა მოსპო სიცოცხლის ნიშანწყალი სოფელში, აიყარნენ ქართული თუ ოსური ოჯახები… თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი?
–  ეს რომანი – საყდრის ჩიტები“ პირველი ქართულ-ოსური  კონფლიქტის შემდეგ დაიწერა, მეგონა, ეს იქნებოდა უკანასკნელი, მაგრამ 2008 წლის ომმა დამარწმუნა, რომ ომი ერთგვარი ფართოშტატიანი სამსახურია და მისი წამოწყებანი თავიანთ თანამოაზრეებს ასე უცებ არ დატოვებენ უსამსახუროდ. დაიკარგა და გატიალდა იქით ქართლი, იავარქმნილია ათობით სოფელი, დღეს „ქართლი“ ჩემთვის პირობითი ცნებაა, რომელშიც იმედიც კი ვეღარ ეტევა თავისი სივიწროვის გამო.
შერიგება? ალბათ მოხდება, რადგან საუკუნეობრივი გამოცდილება ამის მრავალ მაგალითს იძლევა… მაინც, იმედს ვიტოვებ, რომ ფსონჩამოდებული პატრონის მამლები ერთმანეთს ბიბილოებს აღარ დავაგლეჯთ და სასიკვდილოდ არ დავკორტნით…
– რატომ არის, რომ თქვენი ეს სერიოზული რომანი, რომელიც 2004 წელს გამოიცა,  ფართო მკითხველისათვის ცნობილ-მისაწვდომი არ არის? მავანთაგან განსხვავებით,  ჩრდილში ხართ და საკუთარი თავის რეკლამირებას არ მისდევთ…
– რომანში სამაჩაბლოს იავარქნილი სოფლის ცხოვრებაა ასახული, იქიდან აყრილი ადამიანების გარეშე ჩავლილი ცხოვრება, ომის ნამუსრევი, მიტოვებული სახლები და სოფლის კერას შერჩენილი ერთი მესაფლავის – იოსებას ამბავი, რომელიც ჯერ თავის თავში აღადგენს დანგრეულს და მერე თავის გარშემო ქმნის იმ მოჩვენებით მშვიდობას, რომელშიც მოგონილი სიგიჟის წყალობით ცოცხლად რჩება მტრების გარემოცვაში.
ვიდრე წიგნად გამოვიდოდა, ერთი თავი ამ რომანიდან, ერთ, მაშინდელ ცნობილ გაზეთში დაიბეჭდა, მაშინ მათთან ვთანამშრომლობდი და საჭიროდ მივიჩნიე იქ დაბეჭდვა.
გავიდა რამდენიმე ხანი და იმ ერთი თავით გამოტანილი დასკვნების საფუძველზე იმ გაზეთში მომუშავე ერთმა ცნობილმა პოეტმა მთლიანი რომანი გააკრიტიკა ისე, რომ არც წაეკითხა, წიგნს სრული ფიასკო უწინასწარმეტყველა, მადლობა ღმერთს, წიგნის გამოსვლამ ყველაფერი შეცვალა, ამ წიგნის წყალობით, გავიცანი დიდებული მსახიობები: ზურაბ ქაფიანიძე, თენგიზ არჩვაძე, მწერალი ოთარ ჭილაძე, რომელთანაც რამდენჯერმე მომიხდა ამ რომანზე საუბარი, ბედნიერი ვარ, რომ ბატონ ოთარ ჭილაძეს ვიცნობდი, რადგან მან ერთხელ იმდეგაცრუებულმა მითხრა: „არასოდეს წერო აწმყოსთვის, წერე მხოლოდ მომავლისთვისო“.
მერე იყო გამოხმაურებები ემიგრაციისა საბერძნეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, გამოჩნდა პიროვნება, ვისაც სურდა, ეს რომანი ინგლისურად თარგმნილიყო, რათა მსოფლიოც გასცნობოდა პატარა ერების ტკივილებს ამ ორომტრიალში, სამწუხაროდ, ამ მოწოდებას თავად ვეღარ გავყევი კვალდაკვალ, რადგან ფიზიკური მდგომარეობა სახარბიელო არ მქონდა, ფიზიკურმა ტკივილებმა სულიერი ტკივილები უფრო გამიმძაფრეს, ვხედავდი, როგორ ნელ-ნელა უფასურდებოდა ის, რასაც ამ რომანში ველოლიავებოდი.
ერთ დღეს ერთ-ერთ ტელეარხზე წიგნების წარდგენისას წამყვანმა, ახალგაზრდა, მაგრამ „ელიტარულმა“ მწერალმა ასეთი რამ თქვა: „როგორც ჩანს, დღეს ეროვნული პათოსით ნაწერი წიგნები მოდაშიაო“. მაშინ მივხვდი, რომ ასეთ ლიტერატურულ გარემოში ყოფნას სრული მარტოობა და იზოლაცია მერჩივნა…
არასოდეს მესმოდა „კარის მწერლობისა, როგორ შეიძლება მუდმივად პირველ რიგებში იყო, როდესაც ჟამთასვლა უკეთესზე უკეთეს წარმოაჩენს, ხომ უნდა შეგეძლოს აღიარო და ადგილი დაუთმო შენზე უკეთესს, რათა მკითხველამდე დაუბრკოლებლად მივიდეს.
„საყდრის ჩიტებს“ მრავალი დაბრკოლება შეხვდა, სიმართლე ითქვას, არც მე ვიყავი ისე აქტიური, რომ მიზნისთვის ყველა საშუალება გამომეყენებინა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დრო და მკითხველი ყველაზე საუკეთესო გზამკვლელი იყო და იქნება, დაუმსახურებელი წარმოჩინება ჩემთვის მიუღებელია, არ მწამს თვითკმაყოფილი ადამიანებისა, მით უმეტეს მწერლებისა, რა დღესაც გახდება საკუთარი შემოქმედებით კმაყოფილი, იმ დღესვე მოკლავ შენში შემოქმედს, ამ ქვეყნად ყველაფერი ძიებაა, ძიება იმის პოვნისა, რომელსაც მერე სახელსაც კი ვერ დაარქმევ, ისე როგორც ბედნიერებას…
მარტივ ბედნიერების მხარჯველ კასტას არ სჯერა შენი ნამდვილი ტკივილებისა თუ მწუხარებისა, არ შეიძლება იყო ბედნიერი, როდესაც შენი ეს ბედნიერება სხვებს უბედურება სხვებს უბედურებს ჰყოფს არა უბრალოდ ადამიანური სისუსტისა, არამედ იმის გამო, რომ საკუთარ ციხე-კოშკში გამოკეტილი, ადამიანებისკენ გამხედავ სარკმელსაც არ დააყოლებ ამ შეუღწეველ ციტადელს და პირიქით, შეიძლება იყო სრულად მარტო, იზოლირებული და შენი ერთი სტრიქონი უფრო მეტს ამბობდეს სხვათა ტკივილზე, ვიდრე ბრბოში ფიცარნაგის ავანსცენაზე შემდგარი… პათეტიკა თვითკმაყოფილთა გამოხატვის ხერხია, გულწრფელი, ნაღდი ტკივილლით დაავადებულებს ეს არ სჩვევიათ, რადგან ისინი სათქმელს ლიტერატურული მიმდინარეობების მიხედვით არ ფუთავენ თანადროულობის ჩარჩოში, დღეს კი ნაღდი, გულწრფელი სევდა, რაც ადამიანურ „შედევრებს“  შობს, სქოლიოშია ჩამოტანილი და ხშირად მასაც ისე განმარტავენ, რეალობასთან არაფერი აქვს საერთო…
თვითრეკლამა ჩემთვის მიუღებელია, იმდენად, რამდენადაც შენ მიერ შექმნილი რომანი თუ ლექსი თავად უნდა მიიკვლევდეს გზას, თუმცა ისიც მესმის, რომ ჩრდილში დგომით შენს სამზეოს ზოგჯერ ისინი ითავსებენ, ვისაც სხვაზე არასოდეს უფიქრია.
არ მინდა არანაირი სახელი და გამოჩინება, თუ ამით ვინმეს ვატკენ გულს, არადა ეს სრულად შესაძლებელია, თუ ერთი ჩაები საყოველთაო მარათონში, მაშინ ფინიშამდე შეიძლება იმათაც კი მოამტვრიო ფეხი, ვისთან ერთადაც დაიწყე ეს სრბოლა, არანაირი კონკურსებისა და შეჯიბრებებისა არ მწამს, ვისაც სწამს და შეუძლია მასში მიღება, მივესალმები და წარმატებებს ვუსურვებ…
საუკეთესო რეკლამაა, როცა შენ პიროვნულობით ჰგავხარ შენი შემოქმედების ნაყოფს, დღეს მაღალი იდეალებით სავსე პოეზიისა თუ პროზის ავტორები, ერთმანეთს ისეთი სიტყვებით უმასპინძლდებიან, რომ ჭეშმარიტ შემოქმედებას წესით ძალიან უნდა რცხვენოდეს. ასე რომ, დრო გამოაჩენს ყველაფერს…
– „ლექსები ყოველდღიური ხმიადია, სულის მოსათქმელი ხმიადი, მოშიებული პოეტურობის საზრდო“… – წერთ თქვენ. რა არის ლექსი ზეინაბ მეტრეველისთვის?
– ჩემთვის ლექსი, მართლაც, ყოველდღიური ხმიადია, პროზაულია ირგვლივ ყველაფერი, ერთფეროვანი, გაუსაძლისიც კი… ასეთ დროს მუსიკოსი მუსიკას ქმნის, მხატვარი ხატავს, პოეტი წერს.
მე პოეტად ნამდვილად არ ვთვლი თავს, მაგრამ მეც ვწერ იმას, რაც მეწერება, კარგია თუ ცუდი, ეს სხვათა განსასჯელია, უბრალოდ არ შემიძლია უპოეზიოდ, ჩემთვის ლექსი ის ბოლო წვეთია, წყურვილს რომ მოკლავს და სულიერებას რომ მილიცლიცებს… უბრალოდ, ერთი ღრმა ამოსუნთქვაა, რომელსაც ზედაპირზე ამოაქვს ის, რომლის არსებობის შესახებ თავადაც რომ არ ვიცოდი აქამდე…
– თქვენეული ხელწერაა პოეტური პროზა – ნატიფი და ლამაზი… რატომ მოგწონთ ეს ფორმა?
– პოეტური პროზა ჩემთვის გამორჩეული ხერხია, იმისთვის, რომ რეალობა ოცნებას მიამგვანო, ოცნების ახდენის მცდელობაში ძნელია შეინარჩუნო უამრავ კითხვაზე მისაგებელი პასუხის რითმა, მაგრამ შესაძლებელია შეინარჩუნო რიტმი, ჟღერადობა, მუსიკალურობა გზადაგზა შემოგებებული დარდისა თუ ტკივილისა, სევდაც მუსიკასავით   უნდა ჟღერდეს, რათა შენი განცდების გულწრფელობისა იწამონ. მუსიკალურობა შეუძლია გასაწყვეტად დაჭიმულ ნერვებსაც გააჩნდეთ, თუ სათქმელის ტონს ყვირილში არ გადაზრდი, თუ სიფაქიზეს შეუნარჩუნებ, ყველაზე მკაცრ სათქმელსაც კი, და არსს გამოხატვის შესაფერის ფორმას მოუძებნი.
პოეტი ოქრომჭედელივითაა, მხოლოდ გამორჩეულ ყალიბში მოქცეული სათქმელით იმკვიდრებს თავს, შეიძლება ის მდიდრული წვეულების სამშვენისად არ გამოდგეს, მაგრამ მაშინაც ფასობდეს, როცა ბედნიერებით შექმნილი „შედევრები“ ტუჩს აიბზუებენ.
მარტივად რომ ვთქვათ, პოეზია უნდა აიძულებდეს პროზას, ადამიანების ყოველდღიური ყოფა უბრალო ხმაურით კი არა, გარკვეული სახის მუსიკალურობით აუვსოს, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ თვით გამოხატვის არსისა და ფორმის ძიებისაკენ, ვისწრაფოდეთ და ვპოულობდეთ კიდეც.
ნახეთ, დღეს რა ხდება, ყველაზე დიდებული გრძნობები, განცდები, ტკივილები, სიხარული, ბედნიერებაც კი რა „ჟარგონით“ რა პრიმიტიული და არაფრისმთქმელი სიტყვებით გამოიხატება, ყველა კუთხე-კუნჭულმა თავისი ენა მოგვახვია თავს, „ტრანსპორტის“ ქუჩის, „ფართების“. ე.წ. „ელიტის“ ბრბოთა „რჩეულთა“, „წვეულთა“ და „პროფესიული“ ენები, უნიკალურ ქართულს შიგნავენ, ანაკუწებენ, ანაგვიანებენ, შეიძლება ყოველ წუთს ლიტერატურული, გამართული ქართულით არ ლაპარაკობდე, მაგრამ ხომ არ შეიძლება ისე გაწირო მშობლიური ენა, რომ მერე „დედინაცვლადაც“ აღარ ივარგოს…
პოეტურ პროზაში ჩემში არშემდგარ პოეტს „ვსაკლისობ“და არც პროზას ვუმადლი ალბათ ბევრს…
– დღეს ლიტერატურული პროცესები დაქსაქსულია…
– ჩემი ჩრდილში ყოფნის მიზეზი, გარდა იმისა, რომ ეს ჩემი სულიერი მოწოდებაა, ისიც არის, რომ დღევანდელი ლიტერატურული პროცესები, მართლაც, დაქსაქსულია, თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟურნალს ან გაზეთს ჰყავს თავისი კლანი, სადაც შეღწევა არცთუ ისე ადვილია, ყველას ჰყავს თავისი მაქებარი და თავისი კრიტიკოსი, არათანამიმდევრულია თავად ლიტერატურული პროცესი, დღეს რომ ერთად იყოფენ პრემიასა თუ შექებას, ხვალ ერთმანეთს უპირისპირდებიან ერთი გადამეტებული სიტყვისთვის, სადაც მათი თანასწორობის ბალანსი ირღვევა და გუშინდელი მეგობრები და თანამოაზრეები დღეს საპირისპირო პოლუსების მიმდევრებად გვევლინებიან.
ზემოთაც აღვნიშნე, არ მესმის, მაღალი იდეალების მქონე შემოქმედი როგორ უნდა იქცეს უცებ წყევლის ან ლანძღვის დიდოსტატად, ორივე შემართული ხელები როგორ უნდა აივსო სხვისი ჩასაქოლი ქვებით, როცა ის ქვები საკუთარი დასამარების ადგილიდან წამოუკრეფია გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც…
მაშინ რითი დგას სხვებზე მაღლა და რატომ ითხოვს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, როგორც პიროვნება და როგორც შემოქმედი, თუ იმის გაკეთება არ ესირცხვილება, რაც მავანთა ცხოვრების ჩვეულებრივი წესია…
პატივს ვცემ ყველას, ვისაც რაღაც ლამაზისა და განსხვავებულის შექმნა და სულის შთაბერვა ძალუძს, მაგრამ, უპირველესად, მასში ქედს ვუხრი პიროვნულ ღირსებას, თავმდაბლობას, კეთილსინდისიერებას და სხვათა ნიჭიერების დანახვასა და აღიარებას…
– პოეტი და სამშობლო – რას დაუმატებდით ამ ორი სიტყვას?
– პოეტი და სამშობლო+მუდმივი ტკივილი… დღეს სამყაროში  ძალიან ცოტაა სამშობლოდ განცდილი ქვეყნების რიგი, გლობალურმა დინებებმა, მიწისქვეშა მდინარე ნაკადულებამდეც კი ჩააღწია და ამოაშრო ისინი, ყველა პატარა შენაკადი ზღვისკენ მიაქციეს ან ისეთ დიდ მდინარეებისკენ, რომელზედაც მაინცდამაინც უზარმაზარი კაშხალი უნდა აშენდეს, რათა ცივილურმა ყოფამ უფრო მეტი სინათლე შეიძინოს, მათ შორის მოყვნენ ის პატარა ერებიც, რომელთა დინება მიწის ზევით ან აღარ ისმის, ანდა რომელიც უფრო მეტს გართმევს, ვიდრე იძლევა, რადგან თავის თავში ის ყოველდღიურად კვდება და ფერფლიდან დგება, რათა როგორღაც გადაგირჩინოს ყველაზე დიდი ტკივილი და ყველაზე დიდი მონაპოვარი და ამ გადარჩენისთვის მას უფრო და უფრო მეტი „მსხვერპლი“ სჭირდება, სხვაგვარად უსამშობლობის სიმსუბუქით აგავსებს ერთ დღეს და ამით ყველაფერი მორჩება…
შეიძლება იყო მაღალგანვითარებული, მოწინავე, მძლავრი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს შენს ყოველდღიურ გულგრილობას, მაგრამ აღარ იქნები სამშობლო, დღევანდელობა ათასგვარი ფორმით, ზოგჯერ სრულყოფილი, შეუდავებელი ფორმით ცდილობს სამშობლოს არსის შერყვნას, შეცვლას, შესხვაფერებას, რათა უფრო „ცივილური“ გახადოს სამშობლოზე მიჯაჭულობის მოძვეებული ბორკილები და რაწამს, თავს დავიხსნით ამ ბორკილებისგან, ჩვენ ვიქნებით მისგან იმდენად თავისუფალი, რომ აღარასოდეს შეგვახსენებს თავს ეს ტკივილები, რომელსაც სამშობლო ჰქვია, ეს ვისთვის პათეტიკაა, ვისთვის ადამიანად მოვლენის განცდა, მტკივნეული, მაგრამ ძალზე ღირებული…
– როგორ დაიწერა ლექსი „წერილი ემიგრანტებს“?
– წერილი „ემიგრანტებს“ პარიზში დაიწერა, მაშინ იქ ვიყავი და სამშობლოსადმი ნოსტალგია დღითიდღე მეძალებოდა, მე სამი-ოთხი თვე მიჭირდა შორს ყოფნა და წარმოვიდგინე წლობით გადახვეწილ ადამიანთა გასაჭირი, ტკივილი და მონატრება… ზოგჯერ მეჩვენება, რომ ისინი უფრო გუწრფელნი არიან სამშობლოს დარდსა თუ ტკივილში, ვიდრე ჩვენ, ვისაც აქ ყოფნის ფუფუნება შეგვრჩა…
სულ ვითხოვთ, არაფერი მოგვცა სამშობლომო, ერთხელ თუ გვიფიქრია, ჩვენ რა მივეცით – ათასობით ჰა დაუმუშავებელი მიწა ჩვენი სიზარმაცის გამო, ქალაქში ჩაბუდება და ფეხის არგადადგმა ასფალტის იქით. მიწა ადამიანად ყოფნის ტკივილს გაგრძნობინებს და ისე ვერ გაგალაღებს, შენი მოვალეობები და ვალდებულებები არ გაგახსენოს…
უკიდურეს გაჭირვებაშია დღეს ყველა, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად საქართველო ლომბარდში დევს და, ღმერთმა უწყის, ვინ და როდის გამოიხსნის… ამ ლექსით მინდოდა კიდევ ერთხელ შევხმიანებოდი მათ, ვინც აქეთ გამოსაგზავნი წერილები ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი ტკივილისა და საყვედურების სათქმელს აარიდა…
– „თუ არაფერი არ გტკივათ, ჩემთან ნუ მოხვალთ წვეულად“, – ასეთი წარწერა ეგებება  თქვენი ფეისბუქის გვერდს… თქვენი ტკივილი?
– ეს ძველი ლექსიდანაა, ეს გვერდი ჩემმა მეგობარმა – ციური მელიქიძემ გამიკეთა, ჩემს შემოქმედებას – ძველს თუ ახალს ჩემი გოგო – ანნა აქვეყენებს ხოლმე, პირადად მე, ბევრი რამ არ ვიცი კომპიუტერისა და მაშინ ხომ არაფერი გაეგებოდა, მე არ მინდოდა, უბრალოდ ბევრი მთხოვდა, მქონოდა საკუთარი გვერდი, სადაც ჩემს ნაცოდვილარებს გაეცნობოდნენ, ასე შეიქნა ის და, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიე ეს წარწერა: „თუ არაფერი არ გტკივა, ჩემთან ნუ მოხვალ წვეულად“…
– ასეც არის, დღეს ვინც ბედნიერია, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ ჩემთვის პირობითი ცნებაა ბედნიერება მაშინ, როცა უბედურება ასე ხელშესახებია ყოველ ნაბიჯზე, ზოგჯერ ძალიან მინდა და აღარ მიხარია, იმდენად, რომ საკუთარ თავს უბედურებასაც კი ვსაყვედურობ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემში იმდენად ღრმადაა ჩაკირული სევდა, რომ მას ვეღარაფერი ამოშანთავს…
თვალის ერთი მოვლებითაც კარგად ჩანს, რაც სახილველია, ტკივილის მეტს არაფერი მოგანიჭებს, ამ ტკივილებს კი ჩვენი ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით მერე პატარ-პატარა სიხარულებად გარდავქმნით, რათა ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ, უამისოდ არც შეიძლება, როგორც ჩანს, მე ამის ნიჭი არ აღმომაჩნდა…
–  ერთი ლექსი დაგვიწერეთ, რომელსაც რაიმე გამორჩეული ისტორია აქვს…
– „ვინც აპრილს ელის“ – ეს ლექსი პარიზში დაიბადა, გაზაფხულს იქ ვხვდებოდი, კაშკაშა მზისა და მოწმენდილი ცის ფონზე ერთი შეხედვით ნაადრევი თბილი გაზაფხული უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარეთ გამოსვლისას ისეთი სუსხი მხვდებოდა, ძვლებს ვეღარ ვითბობდი, თავისთავად ქართული გაზაფხულის მონატრება უფრო მწვავე და მტკივნეული იყო.
3 მარტს ჩემმა ვაჟმა – დაჩიმ ცოცხალი იებით სავსე ქოთანი მომიტანა, საოცრად ღადღადა, მოჩიტული იები იყო, მაგრამ სურნელი არ ჰქონდა, ყოველდღე ვუვლიდით და თავს დავფოფინებდით მე და ჩემი შვილიშვილი – ტაო, რომელიც ფოთლებზეც კი ჰკოცნიდა ხოლმე იებს, მაგრამ ჩვენთან, ღობის ძირას გაყურსული იების სურნელის შეგრძნება, მაინც სხვაგვარად განმაცდევინებდა მონატრებას… ჰოდა, იქ ფანჯარასთან, პარიზის ერთ სუსხიან და მზიან დილას დაიბადა ეს ლექსი, ერთბაშად, ზეპირად, ღამე ქაღალდზე გადავიტანე და ცოტა ამოვისუნთქე, ლექსში ყველაფერი ცოცხლად განვიცადე, ისე როგორც აქ განვიცდი ხოლმე ყოველ გაზაფულს…
„ვინც აპრილს ელის, მათ შორის მეც ვარ, ნუშის ყვავილის თარგიც გამოვჭერ, მაინც სხვა არის აპრილის ზეცა, გადაწერილი ასე სამ-ოთხჯერ… როცა ნიავი ჰაერს მოსრისავს და შეუთბება წვიმას ნაბანი, ო, როგორ მიყვარს ქარის კოცნისგან ჩაბჟირებული იასამანი… როცა ფერებში ჩაღვრილ სინაზეს, გუშინწინდელი სიზმარი მსგავსობს, როცა დაორთქლილ ფანჯრის მინაზე, მის სახელს დასწერ, ვინც აღარ გახსოვს, როდესაც დარდი, ზამთრით გაზრდილი, იცი, ნუგეშად არსად მისულა, როცა ვიღაცის კოცნის წადილით, ტუჩებს ვერ მუწავ დარბაისლურად, როდესაც გინდა სხეულს გამოსცდე და სული ისევ სანთლად აღანთო, როცა ბალახი ტერფთან გაკოცებს ისე, თითქოს სხვას შენთან ღალატობს…
როცა ჭაბუკი ნახევარმთვარე, გვერდით მწოლს ისე გივსებს ეჭვებით, და ისე ხუჭავ ცრემლიან თვალებს, შიშით ეკვრიან თითებს ბეჭდები… როს ყველაფერი არაფრად გიღირს, რადგან სიცოცხლე სიკვდილს ათხოვე, და უხვად სჩუქნი ბედნიერ ღიმილს, შენი ცუდის და ავის მათხოვრებს…
როცა ისე ხარ სულის ხელადას, გაატეხინებ სევდის ქარიშხალს, როდესაც პირველ ცისარტყელასთან, ბოლო პაემანს მაინც დანიშნავ, როცა ლივლივი ჩატბორილ ფერთა. ამოეწობა წამწამს მორევად, და ცხელი მაჯის ძალუმი ფეთქვა, ცივ სამაჯურებს ეამბორება, ო, ისე ველი აპრილის ფერებს, ისეთი თმენით და აღტაცებით, როგორც ფარული ღალატის მერე, შეჰფოფინებენ ცოლებს კაცები…“
– მეუღლე და ორი შვილი გყავთ… როგორ დაოჯახდით? როგორია ზეინაბ მეტრეველი – მეუღლე, დედა…
– მეუღლე ტარიელ გურგენიძე, ფილოლოგი და ჟურნალისტი – ყოფილი რა თქმა უნდა, ჩვენს თაობას ეს სიტყვა თანამდევად ექცა. ჩვენ ერთად შევძელით შეგვექმნა ის, რაც ჩვენს ოცნებებს ემგვანებოდა. სახლი, შვილები, ყვავილები… ბოლო 4-5 წელი საშინელი ტკივილები გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით.
გვყავს ქალ-ვაჟი, ვაჟი – დაჩი გურგენიძე პარიზში ცხოვრობს ულამაზეს ცოლ-შვილთან ერთად, ანნა – თბილისში ცხოვრობს მეუღლესთან და ერთ ვაჟთან ერთად.
პარიზში ჩემი ორი უმშვენიერესი მონაგარი ტაო და იოანე იზრდებიან. ვიცი, აუცილებლად დაბრუნდებიან, რადგან ისინი ჩვეული გულგრილობის სენით ვეღარ დაავადდებიან…
ზეინაბ მეტრეველი – დაუღვინებელი, მარად მეოცნებე ცოლი, როგორც ჩემი ქმარი იტყვის ხოლმე: ზეციდან ვეღარ ჩამოვედი, არც მინდა, რეალობა რომ მიმეღო თავიდან ბოლომდე, ჩემში აღარაფერი დარჩებოდა ისეთი, რაც ასეთ სევდას შემასახლებდა, მე კი უიმისოდ არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია…
– ჰობი…
– თავისუფალ დროს ვქსოვ, ვხატავ, ვუსმენ მუსიკას, ამ ბოლო დროს – ფარიბორზ ლაჩინის საფორტეპიანო კონცერტებს და ვკითხულობ კლასიკურ პოეზიას…
– რას აპირებთ მომავალში?
– ამჟამად ვმუშაობ რომანზე, რომელშიც მინდა დღევანდელი ყოფა აღვწერო – სულიერების მიგრაცია, რომელიც გარდუვალი და მტკივნეული პროცესია, ყოველდღიურობის ხმიადად კი ხანდახან ვწერ ლექსებსაც, რათა სული მოვითქვა ყოველგვარი პროზაულობისგან.
ჩემთვის სიტყვა, ქართული სიტყვა წმიდათა წმინდაა, საკრალურიც კი და ბედნიერი ვარ, რომ შესაწირი კრავივით ვუვლი გარშემო ქართული სიტყვიერების ტაძარს.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები