ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ნატო-ს წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებულია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ნატო-ს ფართომასშტაბიან წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
“როგორც ცნობილი გახდა, ნატო-ს წევრი ქვეყნების და პარტნიორების სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017″ საქართველოში 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველოდან, აშშ, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან 2800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობას მიიღებს.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს დაგეგმილ სწავლებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მძიმე ჯავშანტექნიკა, ავიაცია და რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გეგმაზომიერი ზრდა და ოპერატიული მომზადების ინტენსივობა, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და რისკის ქვეშ აყენებს არსებული კონფლიქტების დასარეგულირებლად მიმართული საერთაშორისო ფორმატების ძალისხმევას.
საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი წვრთნები უკვე რამდენიმე წელია, იმართება და ყოველწლიურად შესამჩნევი ხდება მასში მონაწილე სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის რაოდენობის ზრდა.
გვინდა შეგახსენოთ, რომ დასავლეთის ქვეყნების ასეთმა არაშორსმჭვრეტელურმა და საშიშმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო საქართველოში რევანშისტული განწყობის ზრდას, რამაც საბოლოოდ ბიძგი მისცა ოფიციალურ თბილისს 2008 წლის აგვისტოში აგრესია წამოეწყო.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს და მისი პარტნიორების ქმედებას განიხილავს, როგორც ღიად დესტრუქციულს და რეგიონში შემდგომის დაძაბულობისკენ მიმართულს”, – აღნიშნულია განცხადებაში.