ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარს შემომტანი კომპანიები აკონტროლებენ, რასაც მალე შევცვლით

გლობალური ინტერნეტის შემომტანი კომპანიები და მასთან დაკავშირებული რეგულაციები არაეფექტურია, რაც აღნიშნულ ბაზარზე პარადოქსულ ვითარებას ქმნის, ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე საუბრობს.
კახა ბექაურის ინფორმაციით, ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურის მფლობელი კომპანიები აკონტროლებენ სიტუაციას და კონკურენტული გარემო ვერ იქმნება. მარეგულირებელი კომისია სიტუაციის გამოსწორებას უახლოეს მომავალში ეფექტური რეგულაციებით აპირებს, რის შედეგადაც მომხმარებელს უფრო მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიღება უფრო დაბალ ფასში შეეძლება.
„დღეს, ფაქტობრივად, გლობალური ინტერნეტის ბაზარი სრულად კონტროლდება, რის გამოც მაღალი ტარიფები უჭირავს გლობალური ინტერნეტის შემომტან კომპანიებს. ინფრასტრუქტურას ისინი აკონტროლებენ, ვგულისხმობ ბოჭკოვან ხაზებს. პარადოქსული სიტუაციაც კი მივიღეთ ამის შედეგად, ერთ -ერთი პროვაიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ჩვენს მეზობელ ქვეყანას, სომხეთს აწვდის ინტერნეტს, სომხური კომპანიიდან კი მცირე და საშუალო ქართულ ოპერატორებთან უკვე წამოვიდა წინადადებები, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მათ შეუძლიათ უფრო იაფად მიაწოდონ ინტერნეტი, ვიდრე ამას ჩვენი პირდაპირი ხაზებით ახერხებენ. ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურის მფლობელი კომპანიები აკონტროლებენ ბაზარს და ჩვენ გავამკაცრებთ ამ ნაწილში რეგულაციებს. ეფექტიანი რეგულაციებით გავხსნით ბაზარს, შევქმნით პირობებს, რომ ინფრასტრუქტურა, კერძოდ ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელები, საკანალიზაციო ჭების გაზიარება მოხდეს მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის. გლობალური ინტერნეტის შემოტანა და ინფრასტრუქტურის გაზიარება – ეს ორი ფუნდამენტური საკითხია მოსაგვარებელი, ამ საკითხების მოგვარება გამოიწვევს ტარიფების შემცირებას და ხარისხის გაუმჯობესებას“,- განაცხადა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაური ამბობს, რომ სწორი რეგულაციების შედეგად, მობილური ოპერატორების ბაზარზე მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა და მომხმარებელი გაუმჯობესებულ პროდუქტს უფრო იაფად იღებს, თავმჯდომარის თქმით, სწორედ ასე უნდა მოხდეს ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც.
„ეფექტურმა რეგულაციებმა ხელი უნდა შეუყწოს ბაზარზე კონკურენციის არსებობას. ჩვენ მობილურ კომპანიებში გვაქვს ბევრად კარგი ვითარება, ბოლო სამ წელიწადში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა, ერთი მხრივ, მოიმატა პროდუქტების მოცულობამ, მაგრამ ეს მომხარებელს უფრო იაფი უჯდება. სამი სრულფასოვანი ოპერატორია ბაზარზე და მძაფრი კონკურენცია, ხოლო რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, აქ ძალიან ბევრი პრობლემაა და ეფექტური რეგულაციების შედეგად, უნდა მოხდეს ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, რაც ბევრად გაუმჯობესებულ ვითარებას მოგვცემს” ,- აცხადებს კახა ბექაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები