”საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება, რის გამომწვევ მიზეზად თამბაქოს ასახელებენ.
ასოციაციის წევრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.
“მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას. ამიტომ ვუერთდებით ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ინიციატივას და მოვითხოვთ პარლამენტმა უახლოეს პერიოდში განიხილოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის მიღების შედეგად ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში და ტრანსპორტში აიკრძალება თამბაქოს მოწევა, უარს ვიტყვით თამბაქოს რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, გამარტივდება ადმინისტრირება, გაიზრდება საჯარიმო სანქციები და განხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული ღონისძიებები. მრავალ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გამკაცრების შემდეგ ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იკლებს ფილტვის კიბოს სტატისტიკა. საქართველოში კი ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება. სიმსივნეს მრავალი მიზეზი იწვევს, მათ შორის თამბაქოს მოხმარება. წელიწადში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. ყოველდღიურად მატულობს თამბაქოთი გამოწვეული სიმსივნეების, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს შემთხვევები. აღნიშნული დაავადებები ახალგაზრდავდება და უკვე ხშირია ქალებს შორის.
ანალოგიური მდგომარეობაა გულსისხლძარღვთა, რესპირაციული, პედიატრიული, რეპროდუქციული და მრავალი სხვა დაავადებების მხრივ. უამრავი პათოლოგიის თავიდან აცილება უფრო იოლად შეიძლება თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებით, ამიტომ ვთხოვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს, ნუ გადადებთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონმდებლობა, რომელიც შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას და დაიცავს მისი მომაკვდინებელი ზეგავლენისაგან თაობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები