პოროშენკო: ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა იძულებული იყო, თბილისში ოჯახით გაქცეულიყო და საქართველომ ისინი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა

„ჩემი მეუღლის ბებია – ანა ნადეჟდინა 1943 წელს სტალინგრადში მოხვდა და ევაკუირებული იყო, სად? – თბილისში“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, მას სურვილი აქვს თბილისში ის სახლი მოინახულოს, სადაც მისი მეუღლის ბებია – ანა ნადეჟდინა ცხოვრობდა.
„ყველამ არ იცის, რომ 1933 წელს, ჰოლოდომორის დროს, ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა იძულებული იყო, ოჯახით თბილისში გაქცეულიყო და საქართველომ იხსნა ჩემი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან. ჩემი მეუღლის ბებია – ანა ნადეჟდინა 1943 წელს სტალინგრადში მოხვდა და ევაკუირებული იყო, სად? – თბილისში. თბილისში ცხოვრობდა. გუშინ, მარინამ თავის დედას დაურეკა და მინდა, ეს სახლი ვნახო და მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ჩემი მეუღლის ოჯახს უშველა. ეს რჩება თაობებში და ეს ჩვენი ნდობის და მეგობრობის მტკიცე საფუძველს აყალიბებს “, – აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას ერთი და იგივე საფრთხეები აქვს.
„უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ უნიკალური ატმოსფეროსთვის, რომელსაც ჩვენმა დელეგაციამ პირველივე ნაბიჯებიდან იგრძნო. ჩვენ მეგობრებს შორის ვართ. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ვართ. თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც უკრაინა ძალიან ენდობა. სასიამოვნოა, რომ თბილისში მაშინ ვიმყოფები, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ოთხ დღეში აღნიშნავენ. აღდგენის, რადგან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები 1918 წლის 4 ივლისს დავამყარეთ. ჩვენი მტკიცე დიპლომატიური ურთიერთობების ქვეყნებს შორის ახლა 90 წელია”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მისივე თქმით, უკრაინელებს შეუძლიათ, ქართველი ხალხის იმედი ჰქონდეთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია, უკრაინელი ხალხის იმედი ჰქონდეს.
“ასე იყო 2008 წელს, 2014 წელს და ახლაც ასეა“, – აღნიშნა პოროშენკომ.
გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება იმ ადამიანებზეც გაამახვილა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
„უკრაინელები იმ ქართველი მოძმე ბიჭების პატივსაცემად თავს ხრიან, რომლებიც 2014 წელს უკრაინაში ჩამოვიდნენ და ჩვენს ქვეყანას იცავდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს იცავდნენ. ამ დონის ურთიერთობისთვის მადლობას გიხდით“, – აღნიშნა პოროშენკომ.
პეტრო პოროშენკო საქართველოში გიორგი მარგველაშვილის მოწვევით იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტი თბილისს ოჯახთან და სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად გუშინ ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები