მარგველაშვილი პოროშენკოს: თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, 2008-ში

„ჩვენ ვართ ერები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში, ამაყად ვატარეთ თავისუფლების, დამოუკიდებლობის დროშა და ერები, რომლებიც მზად არიან ამ არჩევანისთვის იბრძოლონ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერა საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს, რომელიც, მარგველაშვილის თქმით, ასახავს ხალხებს შორის არსებულ იმ რეალურ განწყობას, რომლის სამსახურშიც ის და უკრაინის პრეზიდენტი დგანან. მარგველაშვილის შეფასებით, ვიზიტმა უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის თანამშრომლობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა.
„ჩვენ ვართ ერები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში, ამაყად ვატარეთ თავისუფლების, დამოუკიდებლობის დროშა და ერები, რომლებიც მზად არია, ამ არჩევანისთვის იბრძოლონ. დღეს თბილისს სტუმრობს, ისტორიული ვიზიტით, უკრაინის პრეზიდენტი – ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის და თავისუფალი არჩევანისთვის, ბრძოლას, რომელიც ჩვენც გავიარეთ და ქართველებმაც ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მაღალი ღირებულება ჩვენი თავისუფლება და არჩევანის თავისუფლებაა. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტია. უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დიდი ხანია არ განხორციელებულა და მე მადლობას ვუხდი ბატონ პეტროს იმისთვის, რომ მან მიიღო ჩვენი მოწვევა და ამ ვიზიტით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის თანამშრომლობას. ბატონო პეტრო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, 2008-ში – ეს არის ჩვენი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, ადამიანური ტრაგედია, აშორებს და არ აახლოებს ერებს. ამავე დროს, თქვენ იმყოფებით საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ წნეხს, საქართველოში, რომლის ორი რეგიონი არის ოკუპირებული, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე“, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა პოროშენკოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები