მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა
2017 წლის 17 ივლისს,  თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი, რაშიდ მერედოვი საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, რაშიდ მერედოვმა შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. 2017 წელს აღინიშნება საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, ის პოზიტიური დინამიკა და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის განვლილი პერიოდის მანძილზე ჩამოყალიბდა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს გამოხატული იქნა ძალიან მაღალი დონის ვიზიტებით, შეხვედრებით და დარწმუნებული ვარ, რომ აღებული ტემპით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს მივაღწევთ მომავალშიც. თურქმენეთი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სატრანზიტო პროექტების განვითარების კუთხით და ჩვენ ამ მიმართულებებზე ვიმსჯელეთ და დავსახეთ კონკრეტული მიზნები, რათა ერთობლივად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვიმუშაოთ ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ასევე პირდაპირ ავიარეისებს, უფრო მეტ სატრანსპორტო კავშირებს, რათა ხალხთაშორის კონტაქტებს კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საუბრისას, დიდი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების, ორმხრივი ვაჭრობის და ტურიზმის საკითხებს. თურქმენეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრის, რაშიდ მერედოვის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან, ილია ელოშვილთან. ასევე, რაშიდ მერედოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი საქართველოდან 18 ივლისს გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები