გატაცებულმა მწყემსებმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს
გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან და ქარელის რაიონის სოფელ ავლევიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებულმა მწყემსებმა, თენგიზ კაჯილოვმა და აბესალომ კოკოლაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვეს.
საოკუპაციო რეჟიმი მწყემსებს ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცემს. დეფაქტო ხელისუფლებამ ისინი ე.წ საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის – 2000 რუსული რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გათავისუფლებულებს შსს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ, რის შემდეგაც ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა მწყემსები – ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი სოფელ წითელუბნის საძოვრებზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.