გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა

0

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, თბილისის მასშტაბით რიგით მეორე ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა. პირველი ასეთი კუთხე ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დიდი დიღმის ფილიალში ფუნქციონირებს.
ღონისძიებას მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაიკლ როსმანი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ესწრებდონენ. სეპარაციის კუთხის გახსნა USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება მიმდინარე პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II-ის (WMTR II) ფარგლებში.
სეპარირების სისტემის დანერგვით პროგრამა ეხმარება მთავრობას საქართველო–ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებაში, ამავდროულად, ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე ნარჩენების მიერ მიყენებული ზიანის შემცირებას.
WMTR II პროგრამა საქმიანობას საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, შიდა ქართლი, აჭარის ა.რ. და ქალაქ თბილისში ახორციელებს შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით: ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება; ნარჩენების გადამმუშავებელი კერძო სექტორის განვითარება; ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმები და სატარიფო პოლიტიკა; საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
WMTR II პროგრამას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.

კომენტარები

კომენტარი