პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა თელავში კვლევითი მეურნეობისა და ყვარელში ბიბლიოთეკის მოწყობა დააფინანსა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კახეთის რეგიონში დაფინანსებული ახალი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და პროექტის მონაწილეებთან შეხვედრები გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ვენახი გაშენდება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კახური ვაზის ჯიშები, აგრეთვე ინტროდიცირებული სასუფრე ვაზის ჯიშები.
გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, საცდელ მეურნეობაში ძირითადად დასაქმდებიან აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და იგი გახდება სასწავლო-სამეცნიერო კვლევის ობიექტი, რომელშიც სტუდენტები ვაზის განვითარების სრულ ციკლს და მასთან დაკავშირებულ აგროტექნიკურ ღონისძიებებს შეისწავლიან. სტუდენტები პრაქტიკულად შეისწავლიან ასევე, ამ მეურნეობიდან მოწეული ყურძნის გადამუშავების და ღვინის დამზადების თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს. მეურნეობას ექნება ,,სადედეს” დანიშნულებაც, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ უვირუსო, ჯანსაღი, ნამყენი ნერგი, რომლითაც შემდგომ ეტაპზე მოხდება არსებული მეურნეობის გაფართოება და ნერგებით ფერმერების მომარაგება. როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პროექტი მნიშვნელოვანია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კახეთის რეგიონის ფერმერებისათვის, რადგან ის განკუთვნილია იმ პრობლემის შესასწავლად, რომელიც მევენახეობის დარგში არსებობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება მეურნეობაში ჩატარებული კვლევები, რადგან კახეთის რეგიონის ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ გაითვალისწინონ და პრაქტიკულად დანერგონ კვლევის შედეგები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ადგილზე გაეცნო საცდელ მეურნეობაში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე დაჰპირდა პროექტის მენეჯერებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კვლევითი მეურნეობისათვის აგროტექნიკის შესაძენადაც გამოყოფს გარკვეულ თანხას, რათა ხელი შეუწყოს მეურნეობაში ყველა აგროტექნიკური ოპერაციების თანამედროვე ტექნოლოგიით ჩატარებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კახეთში ასევე ეწვია ყვარლის რაიონის სოფელ თივს, სადაც შემოდგომაზე პროექტის ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” ფარგლებში, ახალი, თანამედროვე, ბიბლიოთეკა მოეწყობა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ყვარლის რაიონში პირველია და ხორციელდება სწორედ ისეთ სოფლებში, სადაც არ არსებობს წვდომა ინტერნეტთან და ინფორმაციასთან. ეს ბიბლიოთეკა კი, საშუალებას მისცემს სოფლის მცხოვრებლებს ისარგებლონ ბიბლიოთეკის, როგორც ერთგვარი საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის შესაძლებლობებით. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე რამდენიმე წელია აფინანსებს სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერების პროექტს ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას”, რომლის მიზანიც სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა, ბიბლიოთეკარების გადამზადება და ტრენინგები, ბიბლიოთეკების შესაძლებლობების გაზრდა და მათ ბაზაზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერების ჩამოყალიბებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები