გიორგი (“ბახალა”) გიორგანაშვილი: ბევრი ადამიანი შემხვდა ციხეში, ვინც ანალოგიური პრობლემით იყო

„ბევრი ადამიანი შემხვდა ციხეში, ვინც ანალოგიური პრობლემით იყო“, – ამის შესახებ მსახიობმა გიორგი (“ბახალა”) გიორგანაშვილმა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც საპატიმროდან გუშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს. როგორც მან აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, მსგავს მდგომარეობაში მყოფი უამრავი ადამიანი გაიცნო.
„ბევრი ადამიანი შემხვდა ციხეში, ვინც ანალოგიური პრობლემით იყო, უბრალოდ, მათ არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და ძალიან ბევრმა მთხოვა, რაღაც ფორმით, მათი პრობლემა გამევრცელებინა“, – განაცხადა გიორგანაშვილმა.
მისივე თქმით, დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა.
„დაკავების პროცესში, ჩემი უფლებები დაირღვა. არც ოქმია ადგილზე შედგენილი, მოწმეებიც მარტო პოლიციელები არიან. რეალურად, იქ იყო თუნდაც ტაქსისტი. შეეძლოთ ნებისმიერი გამვლელი მანქანა გაეჩერებინათ და მოწმის სახით დაესწროთ. ადვოკატი შეიძლებოდა მოსულიყო, მაგრამ არაფერი არ დამიკმაყოფილეს. რეალურად, ყველაზე მძიმე პირველი დღე იყო. აყვანისას მივხვდი, რომ იქ ვიწირებოდი“,- განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (“ბახალას”) აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა შეუცვალა და გირაოს სახით 20 000 ლარი შეუფარდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები