ლევან დავითაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმო გახსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ახალი თევზი“ გახსნა.

აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა. „ახალი თევზი“ წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში, მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე, პროდუქციის 100% ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

„სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი გრანტით შესაძლებელი გახდა ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, რომელიც ზოგადად, დარგს და თევზის წარმოებას მიეხმარება. გადამამუშავებელი სიმძლავრეების განვითარება არის პრინციპულად საჭირო, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორს, მათ შორის, თევზის წარმოებას შევუწყოთ ხელი. დღეისათვის ჩვენს ბაზარზე, ძირითადად, იმპორტირებული თევზი და თევზის პროდუქტებია. ასეთი ტიპის საწარმოები ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, „ახალი თევზი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი თევზის გადამამუშავებელი ქართული საწარმოა, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება რეგიონში საკალმახე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში, კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის ISO:22,000 აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 50%-ის დაფინანსებას USAID/REAP -ი უზრუნველყოფს, ხოლო დარჩენილი 20%-ს ბენეფიციარი თავად გადაიხდის. შპს „ახალი თევზი“ სერტიფიკატს ნოემბრის თვეში აიღებს.

2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე, უკვე არსებულის გაფართოებისთვის გაიცემა. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები