რეინოლდ მესნერი: მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელი, მწერალი და მოგზაური რეინოლდ მესნერი ესტუმრა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმარს ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერებინეს, ქართული ღვინის დაყენების მეთოდები და მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გააცნეს. მსოფლიოში პირველმა მთამსვლელმა იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნა. რეინოლდ მესნერი თვლის, რომ ქართული ღვინო მსოფლიოს დაიპყრობს.
„საქართველოში ჩამოსვლამდე, გაგონილი მქონდა ქართული ღვინის შესახებ. როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვედი საქართველოში და გაოცებული დავრჩი. ამბობენ, ღვინო სათავეს სამხრეთ იტალიიდან იღებსო. მე ვაყენებ ღვინოს და მჯერა, რომ ღვინო სათავეს საქართველოდან იღებს და აქედან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი და ღვინის დიდი კულტურა აქვს. მე მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს. მე მომწონს კლასიკური წითელი ღვინო, ზოგჯერ ვსვამ თეთრსაც, მაგრამ წითელი ღვინო არის ჩემი საყვარელი სასმელი, “ – აღნიშნა რეინოლდ მესნერმა.
ცნობისთვის, რეინოლდ მესნერი საქართველოში მთის კურორტების პოტენციალის გასაცნობად ჩამოვიდა. მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყრო, ის პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრელანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები