სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მე-14 საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილე ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საერთაშორისო კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციასთან, ბუნდესტაგის დეპუტატების, -ჰაინც-იოახიმ ბარხმანის და კრისტიან პეტრის შემადგენლობით. შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ესწრებოდა.
შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე, მეზობლებთან საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. სოფიო ქაცარავამ გერმანელ კოლეგებს საქართველოში გატარებული რეფორმებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ხაზი გაესვა 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნის მნიშვნელობას. სოფიო ქაცარავამ გერმანელ სტუმრებს ოფიციალური ბერლინის მიერ როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის, ისე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული საერთაშორისო თანადგომა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
გერმანული დელეგაციის წევრებმა დაუდასტურეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მონაწილეობა საერთაშორისო საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაში მიიღო, სადაც საუბარი საკონსტიტუციო რეფორმას და რეფორმის მიმდინარეობის პროცესს შეეხო.
მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა”, რომელიც ბათუმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, მუშაობას დღეს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი