ლევან იზორია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

ბათუმის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მე-14 საერთაშორისო კონფერენციას – “საქართველოს ევროპული გზა”დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა, ფორუმის ღამის სესიის მიმდინარეობისას, საქართველოს თავდაცვის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ვრცლად ისაუბრა.
კონფერენციაზე განხილვის თემებს წარმოადგენდა: ევროპის გლობალური სტრატეგია და არსებული უსაფრთხოების გამოწვევები – ჰიბრიდული ომი, ტერორიზმი, მიგრაციის კრიზისი, ევროპაში ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები და რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის შესაძლებლობა, ასევე, მდგრადობა, როგორც საქართველოს შეკავების პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიასთან მიმართებაში და საქართველოს როლი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP).
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დისკუსიაში თემაზე -„უსაფრთხოების არქიტექტურა დღეს: რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“, თავდაცვის მინისტრთან ერთად, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიტვაში არნოლდას პრანცკევიჩიუსი, ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი და სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი დავით შაჰნაზარიანი მონაწილეობდნენ.
„საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები