მიხეილ ჯანელიძე: არასდროს რუსეთის ფედერაცია ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ არ ყოფილა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა არასდროს ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც დღეს არის.
ვიცე-პრემიერი საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიისთვის, ვიდრე ის არის დღეს.
„ეს მიუღებელია და რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მღელვარებაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ არასდროს რუსეთის ფედერაცია არ ყოფილა ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიისთვის, ვიდრე ის არის დღეს. ამის ნათელი მაგალითია ის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს ფარგლებში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და კონგრესში. არასდროს საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ ყოფილა ისე წარმატებული, როგორც არის დღეს, ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და ამას მოწმობს ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენი შედეგები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით აშშ-სთან, ევროკავშირთან, წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან. ჩვენი წარმატებები. ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით, ჩვენი ურთიერთობები როგორც მეზობელ, ასევე, არაბულ, აზიურ ქვეყნებთან, ჩვენი წარმატებული ჩართულობა იმ სტრატეგიულ პროექტებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. არასდროს საქართველოს არ ჰქონია ასეთი ნდობა და მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც აქვს დღეს და ეს გამოხატულია იმ მაღალი დონის შეხვედრებში, ვიზიტებში, რომელიც ხორციელდება და დაგეგმილია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს აღქმული მსოფლიოში, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მიზანიც არის ადამიანის უფლებების დაცვა და მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება, ასევე, რუსეთის აგრესიისადმი გამკლავება და ოკუპაციის დასრულება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები