იგორ დოლგოვი: ის, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაა
საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესახებ საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაიბარეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ ე.წ. ბორდერიზაცია სულ უფრო საშიში და საგანგაშო ხდება.
„ვისაუბრეთ ფაქტებზე, რომელიც ადასტურებს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაცია სულ უფრო საშიში და საგანგაშო ხდება. ნაცვლად იმისა, რომ რუსული მხარე მშვიდობისთვის ისწრაფოდეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო პოტენციალს ზრდის. ყველასთვის, მათთვისაც, ვისაც ეჭვი ეპარებოდა აქამდე, უკვე გასაგებია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედება მიმართულია ქართველი ხალხის მშვიდობისა და შეთანხმების წინააღმდეგ. ჩვენ, უკრაინაში, კარგად ვიცით რუსეთის დაპირებების ფასი – მათი ნდობა არ შეიძლება. ის, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, ადამიანის უფლებების უპრეცენდენტო დარღვევაა”, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.
ცნობისთვის, შეხვედრა საგარეო უწყების ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.