„მატიანე ქართლისაი“ – ოთარ ჩხეიძის ახალი რომანი „მთაგრეხილი“ გამოიცა

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით, გამოიცა ოთარ ჩხეიძის ახალი რომანი „მთაგრეხილი“.
როგორც „კვირას“ ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებაში განუცხადეს, „მთაგრეხილი“ ოთარ ჩხეიძის რომანების ციკლის – „მატიანე ქართლისაის“ კიდევ ერთი ნიმუშია.
გარეკანის მეოთხე გვერდზე მოთავსებულია ციტატა აკაკი ბაქრაძის სტატიიდან, რომელშიც ზოგადად არის შეფასებული ოთარ ჩხეიძის და, საერთოდ, დაუმორჩილებელი მწერლობის ღვაწლი 70-წლიან საბჭოთა რეალობაში:
„გადაიკითხეთ პლატონ ქიქოძის, ბენიტო ბუაჩიძის, კარლო მელაძის, დავით დემეტრაძის, შალვა რადიანისა და სხვათა წიგნები და დაინახავთ – რა სამარცხვინო კრახით დამთავრდა მათი წარმმართველი და მაორგანიზებელი როლი.
გადაიკითხეთ მიხეილ კახიანის, მალაქია ტოროშელიძის, აკაკი თათარაშვილის, კანდიდ ჩარკვიანის, აკაკი მგელაძის, ვასილ მჟავანაძის და სხვათა მიერ წარმოთქმული სიტყვები და დაინახავთ – რა სამარცხვინო კრახით დამთავრდა მათი წარმმართველი და მაორგანიზებელი როლი.
გამარჯვებულნი დარჩნენ: ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონ-სტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, იოსებ გრიშაშვილი, „ცისფერყანწელნი“, ოთარ ჩხეიძე და სხვანი, ვისი ორგანიზება და წარმართვა ჰქონდათ მიზნად დასახული.
ეს ისტორიის მკაცრი, მწარე და მკაფიო გაკვეთილია.“
წიგნს ასევე, დაერთვის ლია კუხიანიძის ესეი „სიყვარული ჟამიანობისას“, რომელშიც გააზრებულია რომანის როგორც მხატვრულ-ესთეტიკური, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარეები და აღნიშნულია, რომ „მთაგრეხილი“ კვლავაც ძალიან აქტუალურია საზოგადოებრივი-პოლიტიკური თვალსაზრისითაც:
„მთაგრეხილი“ რომანი – გაფრთხილებაა, თავისი სათქმელით აქტუალური და მწვავე, რადგან ვაი, რომ არაფერი შეცვლილა. გლობალიზაციის მამები უფრო გააქტიურდნენ, პროცესები დაჩქარდა, საშიშროება იზრდება, ადამიანთა პროტესტმა მოვლენები ცოტა ხნით გადაავადა, მაგრამ ბოლოდრინდელი ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, ხილული თუ უხილავი მტრის სამიზნე ისევ ერის ისტორია და ცნობიერებაა. ისევ ქართველი ერის „კეთილდღეობის“ სახელით აფეთქებენ მთებს, ჩაძირვას უპირებენ ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს, რადგან როგორც არასდროს, ისე გამძაფრებულა ვნება დაშლისა, ნგრევისა, რადგან მათთვის „მოაძერ, მობდღვენი, დაშალე, დაანგრიე ითარგმნება რო სიკეთედ კილოვატების ენაზედა“.
ამას გარდა, რომანს დაერთვის ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების მცირე მინაწერიც – „მთაგრეხილი“: განგაშის ზარად“, რომელშიც ხაზგასმულია სწორედ ეს აქტუალური მხარე:
„პირვანდელი განზრახვით ამ რომანს „კავკასიონი“ უნდა რქმეოდა.
მერე ეს სახელწოდება შეიცვლებოდა „მთაგრეხილით“.
თუმც არ შეიცვლებოდა არსი თავდაპირველი ჩანაფიქრისა, განგაშის ზარივით რომ უნდა შემოკრულიყო საბედისწერო მოვლენის ნათელსაყოფად: ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობისათვის გაეჭრათ გვირაბი კავკასიონის მთაგრეხილში. საბედისწერო მოვლენა ეკოლოგიურადაც, დემოგრაფიულადაც და არანაკლებ, თუ მეტადაც არა, პოლიტიკურად.
ოთარ ჩხეიძე, როგორც მწერალი – წინასწარმეტყველი, იმთავითვე ზუსტად განჭვრეტდა მოსალოდნელ ტრაგიზმს და „მატიანე ქართლისაის“ ციკლის ამ ახალი ნიმუშის შექმნით განაჩენსაც გამოუტანდა გვირაბის გამჭრელთ და ახალი უბედურების შემომშვებთ ჩვენს ისედაც ტრაგიკულ ქვეყანაში — ყველას ეშლება თუ ენგრევა ოჯახი, რომელთა შენარჩუნების ღირსნიც არ არიან, და აკი კიდეც ავად შემოუბრუნდებათ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, იმპერიული პოლიტიკისათვის დიდადაც მოსაწონი, რუსეთი ამით კიდევ ერთ მძლავრ დარტყმას რომ მოგვაყენებდა — რაღა კავკასიონის გაჩეხვა და რაღა რუსის ჯარის შემოგზავნა.
როდესაც ეს რომანი იწერებოდა, მხოლოდ მხატვრული ფორმით თუ გამოითქმოდა პროტესტი, თორემ პუბლიცისტური გამოხმაურება – შეფასების გზა აღკვეთილი გახლდათ.
და ბედად კიდეც დადგებოდა გარდაქმნად სახელდებული ხანა, იმპერიულ ხელისუფლებას თავისდაუნებურად ხელიდან რომ გაუსხლტებოდა მართვის სადავეები და მიტინგებისა და დემონსტრაციების მძლავრი ტალღა აბობოქრდებოდა, ერთ მთავარ მიზნად ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის აღკვეთასაც რომ დაისახავდა და… კიდეც მიაღწევდა საწადელს, იატაკქვეშა ჟურნალს „მატიანე“ „ლიტერატურული საქართველოც“ რომ ამოუდგებოდა გვერდით და მწვანეთა მოძრაობაც ენერგიულად ჩაერთვოდა ამ პროცესებში.
დიდძალი და მეტად ფასეული მასალაა ამ მხრივ დაგროვებული და დადგება დრო, ამ ყველაფრის მონოგრაფიული შესწავლისა, ის ვრცელი დოკუმენტური ნაშრომი კი აუცილებლად გაიხსნება ოთარ ჩხეიძის „მთაგრეხილის“ პოლიტიკური ფონის ანალიტიკური განსჯა-წარმოჩენით“, – წერს აკაკი ბაქრაძე წინასიტყვაობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები