ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიციატივით კონფერენცია გაიმართა

„საქართველოს პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის“ ამ სახელწოდებით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, კონფერენცია გამართა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება, პარლამენტის როლსა და მის ჩართულობაზე გაამახვილა. სოფიო ქაცარავამ დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე და საქართველოში ამ�მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. “საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ და იმის ფონზე, რომ საქართველოს 20 % ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო აგრძელებს მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებას და დემოკრატიის კონსოლიდაციას. აუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას და იცავს ეუთოს მიერ აღიარებულ პრინციპებს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ OGP-ის თემაზე გამართული ღონისძიება ამ თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, სოფიო ქაცარავას ინიციატივით ჩატარებულ ღონისძიებას, სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი, დორის ბარნეტი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი წარუძღვნენ. ღონისძიებაზე ძირითადი პრეზენტაცია ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ გამართა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სამოქმედო გეგმის მომზადებასა და მასში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებზე. „ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის სამოქმედო გეგმა წარვადგინე, რასაც საინტერესო დისკუსია მოყვა. დელეგაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ და განვიხილეთ თუ რა გეგმები გააჩნიათ ჩვენ ქვეყნებს რომ ხელი შეეწყოს ღია მმართველობის განვითარებას მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ხუთი დღის განმავლობაში იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ განსახილველ საკითხს უსაფრთხოების კომიტეტში რეზოლუცია წარმოადგენს, სადაც საუბარია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების ვითარებაზე. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ განმარტა, რეზოლუციაში აისახება ის მოწოდება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შეთანხმებას შეეხება.
საქართველოს პარლამენტიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას სოფიო ქაცარავა, გიორგი წერეთელი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი და ირაკლი ბერაია ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები