ანატოლი ბიბილოვი „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირების საკითხებს განიხილავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში იმყოფება, სადაც „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარესთან, ალექსეი მილერთან ოკუპირებული რეგიონის გაზიფიცირების საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო “ოსინფორმს“ ბიბილოვის პრესმდივანმა, დინა გასიევამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, განიხილება „სამხრეთ ოსეთის სხვადასხვა რაიონის და მოშორებული სოფლების გაზიფიცირების საკითხი, ასევე, იურიდიული საკითხები და სატარიფო პოლიტიკაა.
ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთიდან ბუნებრივი აირი ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენით მიეწოდება. ამ ეტაპზე, გაზიფიცირებულია მხოლოდ ცხინვალი და ახლომდებარე სოფლები.
2016 წელს ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სრული გაზიფიცირება 5 წელიწადში დასრულდება.