ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებასთან ადრე მიღწეულ შეთანხმებას აუქმებს
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ დე ფაქტო ხელისუფლებას პირობების შესასრულებლად 10 დღე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ე.წ. მთავრობასთან შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. ოპოზიციას ჯერჯერობით ე.წ. პრეზიდენტის გადადგომა არ მოუთხოვია. ამის შესახებ გამოცემა eadaily.com იუწყება.
როგორც პარტია „ამცახარას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „აფხაზეთის ხელისუფლებას არ სურს და არ შეუძლია ქვეყანაში ნაციონალური თანხმობის უზრუნველყოფა. პოლიტიკური მოძრაობა გმობს დე ფაქტო მთავრობის პოლიტიკას ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებთან, კერძოდ, გალის რაიონის მოსახლეობასთან დაკავშირებით და მათი პასპორტიზაციის საკითხის ხელახალ განხილვას მოითხოვს. ასევე, „ამცახარა“ მოითხოვს “პარლამენტისგან”, რომ მან „აფხაზეთში უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ კანონს გადახედოს, რათა ის „აფხაზეთის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდეს“. ეს კანონი ოპოზიციური პარტიის აზრით, „აფხაზეთს საფრთხეს უქმნის“. „ამცახარას“ წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ დღეს „აფხაზეთს 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული ძალები მართავენ, რომლებმაც ალექსანდრე ანქვაბი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოაგდეს“.