ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა
ე.წ სამხრეთ ოსეთმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა და ისინი ქართულ მხარეს გადასცა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების სამსახურში განუცხადეს.
სამივე პირი ე.წ. მესაზღვრეებმა კვირას სოფელ სინაგურის მიდამოებში დააკავეს. ისინი საჩხერის რაიონის სოფელ პერევის მკვიდრნი ზურაბ ბერიძე, ამირან შუკაკიძე და გიორგი მოსიაშვილი არიან.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ქართველებს ე.წ. საზღვრის დარღვევა ედებოდა ბრალად. მათ ძაუს რაიონის „სასამართლომ“ ჯარიმის გადახდა დააკისრა, რის შედეგად გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, ამჟამად ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს გაძლიერებულ რეჟიმში აკონტროლებს. ეს წესები 8 ივლისამდე იმოქმედებს.