ე.წ. სამხრეთ ოსეთში პრეპარატ „ლირიკას“ გავრცელებისთვის სასჯელის გამკაცრებას აპირებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც პრეპარატ „ლირიკას“ გავრცელებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. შესაბამისი ინიციატივით დე ფაქტო ლიდერთან, ანატოლი ბიბილოვთან თათბირზე ე.წ. შს მინისტრის მოადგილე მურთაზ ვალიევი გამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება.
მისი ინფორმაციით, 2015 წელს მიღებულია კანონი, რომელიც „ლირიკას“ შეტანას, რეალიზაციას და მოხმარებას კრძალავს. მას ხშირად ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები იყენებენ.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ე.წ. სამართალდამცველებმა რეგიონში ამ პრეპარატის მსხვილი პარტია დააკავეს. ამოღებულია 114 კაფსულა „ლირიკა“, რომლის შეტანას ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი მკვიდრი ცდილობდა. პრეპარატის რეალიზატორი რიტა თოქმაევაა, რომელიც ძლიერმოქმედი საშუალების რეალიზების მცდელობის ფაქტზე უკვე მეორედ არის დაკავებული.
პირველ ჯერზე, 1200 კაფსულა „ლირიკის“ შეტანაზე თოქმაევას 20 ათასი რუბლის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები