რატი იონათამიშვილი: უმნიშვნელოვანესი იყო ის პროცესი, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვას ახლდა თან

“პირველად ხდება, რომ შშმ პირთა უფლებები მტკიცდება კონსტიტუციის, ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა საჯარო განხილვები და მოსახლეობის აზრი გათვალისწინებული იქნა არაერთ საკითხზე.
„ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა ეს ცვლილებები. საკონსტიტუციო მუშაობაში ჩართული იყო ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. მათი წინადადების 2/3 არის გათვალისწინებული. კონსტიტუციას პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა ექვსმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და პარტიამ. 115 ხმით იქნა მიღებული. კონსენსუსი ვერ მიიღწევა მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისი მიზანიც არის, რომ კონსენსუსი არ შედგეს.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეორე თავი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება და უფლებების დაცვისათვის უმაღლეს, კონსტიტუციით გამყარებულ გარანტიებს ქმნის. კერძოდ 11-ე თანასწორობის მუხლში ჩნდება ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, “სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.” ამ ჩანაწერის საფუძველზე, სახელმწიფო იღებს დეკლარირებულ ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე. პირველად ხდება, რომ შშმ პირთა უფლებები მტკიცდება კონსტიტუციის, ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე და რაც მთავარია, თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უქმნის შესაბამის სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რათა ყველასაგან დამოუკიდებლად, თავად შეძლოს საკუთარი უფლებებისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვა და მოსთხოვოს სახელმწიფოს მათი გათვალისწინება. ქვეყნის კონსტიტუცია უნდა იყოს ისეთი, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციას, რაც ღირსების, დამოუკიდებლობის და სინდისის თავისუფლებას ნიშნავს“, -განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები