მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როდის ემუქრება დედამიწის მოსახლეობას ძლიერი სიცხე და გვალვა
ბრიტანელი მეცნიერების პროგნოზის მიხედვით, 21-ე საუკუნის ბოლოს, დედამიწის მოსახლეობის წინაშე ზაფხულის პერიოდში ძლიერი სიცხის პრობლემა დადგება. ამის შესახებ გამოცემა “Nature Climate Change”-ი იუწყება.
ეს დასკვნები მეცნიერებმა გლობალური დათბობის პროცესის შეფასებისას გამოიტანეს. თუ ამ პრობლემების მოგვარება არ დაიწყება, მოსახლეობის 74% ისეთ ზონებში მოხვდება, სადაც ზაფხულში ანომალიური სიცხე იქნება. ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი და მოსკოვი, სიცხე შეიძლება 50 დღე გაგრძელდეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მაღალი ტემპერატურა, მაღალ სინესტესთან ერთად, ორგანიზმისთვის დამღუპველია, ვინაიდან ოფლი, რომელიც ორგანიზმს აციებს, აორთქლებას ვერ ახერხებს. ასე, მაგალითად, მშრალი ჰავის პირობებში, ორგანიზმმა შეიძლება 37-38 გრადუსის სიცხე გადაიტანოს, ხოლო მაღალი სინესტის პირობებში, 30-გარდუსიანი სიცხე უკვე პრობლემატურია.
მეცნიერები აცხადებენ, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებები ჩვენს პლანეტაზე ადრეც მომხდარა, მაგრამ ადრე ის ასე სწრაფად არ იცვლებოდა. დღევანდელი მდგომარეობა ადამიანის ტექნოგენურმა მოქმედებამ გამოიწვია.