მამა გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქო დატოვა – რას აცხადებს დაკავებულის ძმა

“ჩვენ ტყუილის თქმა არ გვჭირდება. პატრიარქმა დააფიქსირა იგივე პოზიცია და თქვა, რომ მე მამა გიორგისგან არ მსმენია ცუდიო”, – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ ,თორნიკე მამალაძემ საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იწერებოდა.
მამალაძის თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ შეხვედრიდან გასვლის შემდეგ, შესაძლოა, ოჯახს არასწორი ინფორმაცია გაეტანა, შესაბამისად, ჩაწერა პრევენციის მიზნით ხორციელდებოდა.
„ჩვენ ტყუილის თქმა არ გვჭირდება. პატრიარქმა დააფიქსირა იგივე პოზიცია და თქვა, რომ მე მამა გიორგისგან არ მსმენია ცუდიო. ეს ყველაფერი არის საქართველოს დისკრედიტაციის საქმე. მამა გიორგის დაჭერა საქართველოს დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული“,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე სასულიერო პირი შეხვედრაზე ცდილობდა, რომ მათთვის და პატრიარქისთვის საუბარი შეეწყვეტინებინათ.
„მისი საუბრის გაწყვეტასაც ცდილობდნენ. ვეუბნებოდით, გვადროვეთ საუბარი-თქო. დაგვლოცა, მოისმინა ყველაფერი. ვფიქრობ, რომ უწმინდესი სრულ ინფორმაციას არ ფლობს. საუბარში მიშლიდნენ: მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერ გოგოტიშვილი“, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძე ზიარებას უკვე ოთხი თვეა, უშედეგოდ ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები