ვიტალი კლიჩკო სამართალდამცველებს მოუწოდებს, არ შეასრულონ დანაშაულებრივი ბრძანებები
პარტია „უდარის“ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ოპოზიციის ლიდერი სამართალდამცველებს მიმართავს. კლიჩკო სამართალდამცველებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს მოუწოდებს, დანაშაულებრივი ბრძანებები არ შეასრულონ და არ მიიღონ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ.
“მივმართავ მათ, ვინც ქვეყანაში წესრიგი, კანონი და კონსტიტუცია, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები უნდა დაიცვან. მივმართავ მილიციას, შინაგან ჯარს, სპედანაყოფებს, მოსამართლეებს და პროკურორებს, არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანებები, არ მიიღოთ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო და უსამართლო გადაწყვეტილებებში, უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებში. დაიცავით ადამიანები. თქვენს შორის მათ, ვისაც ამის გაკეთების პროფესიული ღირსება, სინდისი და სიმამაცე აქვს, გარანტია ექნება და სამსახურში დარჩება”, – აღნიშნულია ოპოზიციის ლიდერის ვიდეომიმართვაში.