მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება

0

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს– 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა დღეს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას, დაახლოებით 45%-ს.
საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად.
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობის სხდომას წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი