საფრანგეთში, საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით, მასშტაბურ ღვინის გამოფენაზეა მიწვეული

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, სადაც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, საქართველო, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მასშტაბურ გამოფენას გამართავს.
საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ ცენტრში მევენახეობა-მეღვინოების გამოფენათა ციკლს გახსნის და რამდენიმე თვის განმავლობაში, ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება. გამოფენის პარალელურად, მოეწყობა დეგუსტაციები, კონფერენციები, ფილმების ჩვენებები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიცნონ ქართული ღვინის კულტურა და ისტორია.
ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სააგენტოში SOPEXA. სააგენტოს ბიზნესგანვითარების დირექტორთან, ან-სოფი ოტიოსთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბორდოს მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველოს გამოფენის სარეკლამო კამპანიას 4 თვის განმავლობაში SOPEXA განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სააგენტოსთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართული ღვინის შესახებ მასშტაბური სარეკლამო კამპანია ყველა სტრატეგიულ ქვეყანაში განხორციელდება. ამისთვის SOPEXA ყველა საკომუნიკაციო არხს გამოიყენებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სააგენტოს დიდ გამოცდილებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების კუთხით, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია შთამბეჭდავი და ეფექტიანი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის ხელმძღვანელობასთან. მინისტრმა დაათვალიერა საექსპოზიციო დარბაზი, სადაც ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა ივლისის ბოლოს გაიხსნება და 4 თვე გაგრძელდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული გამოფენის დასრულების შემდეგ, ქვევრი, როგორც ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის ნაწილი, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში დარჩება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრები გამართა ქალაქებში – ბორდოში (Bordeaux) და კონიაკში (Cognac) მდებარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების Matrix CFS და Tessendier Et Fils წარმომადგენლებთან.
ბორდოში გამართულ შეხვედრებს საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე და ასოციაცია ქართული ღვინოს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.
18-19 ივნისს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას Vinexpo Bordeaux 2017-ს (ვინექსპო ბორდო 2017) დაესწრო, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები