ირაკლი კობახიძე: პოლიტიკის და ფინანსების კავშირი დემოკრატიული პროცესების შინაარსს განსაზღვრავს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ანტიკორუფციული სამსახურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისში რეგიონული კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ ტარდება.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა და დემოკრატიულ პროცესებში პოლიტიკის და ფინანსებს შორის კავშირის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„მივესალმები ჩვენს სტუმრებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან და ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას ამ ქვეყნებს ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი აღმოუჩენენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და ჩვენი დემოკრატიული განვითარების კუთხით. მადლობას გადავუხდი ასევე, დღევანდელი კონფერენციის სტუმრებს, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების სათანადოდ განვითარებაში და მადლობას გადავუხდი ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციის ჩვენს ქვეყანაში უკვე მეორედ მასპინძლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო მოწოდებულია  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ირაკლი კობახიძე კონფერენციის თემის აქტუალობასაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლიტიკის და ფინანსების კავშირი დემოკრატიის შინაარსსა და დემოკრატიულ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

„თემა არის ძალიან აქტუალური. საქმე ეხება პოლიტიკის და ფინანსების კავშირს და ეს კავშირი, საბოლოო ჯამში, დემოკრატიის შინაარსს, დემოკრატიული პროცესების შინაარსს განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მოხარული ვართ, რომ ძალიან ფართო წარმომადგენლობით, მაღალკვალიფიციური და ძალიან ფართო გამოცდილების მქონე ადამიანების მონაწილეობით, დღეს გაიმართება ძალიან სერიოზული დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოსთვის პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. მე პირადად, ბოლო საპარლამენტო  არჩევნების წინ, გახლდით მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილე და მაქვს ძალიან ზუსტი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ იხარჯება თანხები საარჩევნო პროცესში, პოლიტიკაში ზოგადად და შემიძლია გითხრათ, რომ გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრაქტიკა არის თვისებრივად, რადიკალურად გაუმჯობესებული, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ამის მიუხედავად, გამოწვევები რჩება. კვლავ არის პრობლემა პოლიტიკური სახსრების გაუმჭვირვალე ხარჯვა და შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი ოპონენტები რეალურად, ბევრად მეტს ხარჯავდნენ, ბევრად მეტი შემოსავალი და ხარჯი ჰქონდათ ამ არჩევნებში, ვიდრე ისინი ამის დეკლარირებას ახდენდნენ. აქ არის მარტივი დილემა – ხისტი რეპრესიული ზომების გამოყენების გარეშე, პრობლემა რჩება პრობლემად და ეს დილემა არის ის, რასაც აუცილებლად უნდა მოვეკიდოთ მთელი სერიოზულობით და რაც უნდა გავაანალიზოთ. ჩვენ გვახსოვს, სადამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პოლიტიკური პროცესები ხისტი რეპრესიული პრაქტიკის გამოყენებამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან და ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა განმეორდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის დონეზე საკანონმდებლო ბაზის  დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

„დღეს  კონსტიტუციაში ეს  პრინციპი, როგორც ასეთი, ასახული არ არის და სპეციალური ახალი რეგულაცია ჩნდება ქვეყნის ძირითად კანონში. ასევე, მთელი რიგი რეგულაციები შედის კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზე და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე აისახება. ამ კუთხითაც გვაქვს ჩვენ სერიოზული გამოწვევები, მათ შორის, ერთ-ერთი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ბლოკის ინსტიტუტის გამოყენებით, პარტიები მარტივად ახერხებენ მანიპულირებას და დამატებითი სახელმწიფო სახსრების მიზიდვას თავისკენ და ესეც არის პრობლემა. საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული ფორმით განიხილებოდა პოლიტიკური პარტიების ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის გატანის საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დღეს არის საუკეთესო ორგანო, რომელიც ამ ფუნქციას უნდა ახორციელებდეს. დამატებით, შეგვიძლია, ჩვენ ამ თემაზე ვიმსჯელოთ, თუმცა, მე ამ სფეროში ცვლილებას არ მივესალმებოდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მიმართეს. ღონისძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ევროპის საბჭოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA), საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები