რატი იონათამიშვილი: შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა თითოეული ჩვენგანის უმთავრესი ამოცანაა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღეს განსაკუთრებულად აღინიშნება, რომ შშმ პირები საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან და რომ აუცილებელია მათი უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა.
დღევანდელი დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა.

„დღეს 14 ივნისია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  უფლებების დაცვის დღე!  ამ დღეს ჩვენ ერთმანეთს არ ვულოცავთ, ეს არ არის სადღესასწაულო თარიღი, არამედ კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა თითოეული ჩვენგანის უმთავრესი ამოცანაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. პარლამენტის წევრმა შშმ პირთა წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან  მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივისა, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პროცესი ჯეროვნად არ ხორციელდება.

„ჩვენ 2013 წელს მოვახდინეთ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, მაგრამ იმპლმენტაციის პროცესში ხარვეზები გვაქვს. მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა სივრცის მოწყობის რეგლამენტი, მაგრამ ფიზიკური გარემოს ადაპტირება შესაბამისად არ ხდება, ჩვენ ვახორციელებთ ცალკეულ სარეაბილიტაციო პროგრამებს, მაგრამ გვაქვს სარეზერვო სიები და თანამედროვე დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი არ გაგვაჩნია. ჩვენ გვჭირდება ერთიანი გააზრებული შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე დაფუძნებული პოლიტიკა, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, რომელიც ძირეულად შეცვლის ვითარებას. ამიტომ 2017 წელს ვიმუშავებთ აქტიურად, რათა შევქმნათ შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები. სწორედ ამიტომ გვაქვს დაწყებული მუშაობა კანონის ახალ პროექტზე და ამიტომ ჩნდება ახალი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში, რაც განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას შშმ პირთა უფლებები მიმართ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა. მისივე განცხადებით, ყოველივე ამის განხორციელებას ეფექტური და რეალური აღსრულების მექანიზმების დანერგვა სჭირდება, რათა თითოეული შშმ პირი სახლამდე ადაპტირებული გზით მივიდეთ და  გონივრული მისადაგების პრინციპით მოხდეს ინდივიდუალური საჭიროებებისა და სახელმწიფოს რესურსის ჰარმონიზაცია. „ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე ვაჩვენებთ საქმით, სწორედ ამიტომ ის ტემპი, რომლითაც თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესი მიმდინარეობს, საკმარისი ნამდვილად არ არის.  ვადასტურებ, რომ ჩვენ ვხედავთ პრობლემებს, ვაღიარებთ გამოწვევებს და საკითხს არ ვაყენებთ ისე, ვართ თუ არა მზად ვუპასუხოთ თქვენს საჭიროებებს, არამედ ეს ვამბობ საჯაროდ, რომ ეს ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

რატი იონათამიშვილმა შშმ პირებს პარლამენტის ტრიბუნიდან  მიმართა და საკანონმდებლო ორგანოს სახელით, შშმ პირების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის და  ქვეყანაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პროცესის შეუქცევადობის პირობა დადო.

„მე მივმართავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს – მე თქვენზე მესამე პირში არასოდეს ვისაუბრებ! დიდი ხნის მანძილზე ჩვენ განვიხილებოდით როგორც ქველმოქმედების ობიექტები მაშინ, როდესაც ერთადერთი მოთხოვნა რაც გვაქვს, ჩვენი უფლებებისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვაა. თითოეული თქვენთაგანი იმსახურებს გაცილებით მეტს და ეს თქვენი და ჩვენი ღირსების საკითხია! ვიცი,თქვენ ჩვენზე კარგად გესმით, რომ ერთ დღეში ყველაფრის მოგვარება შეუძლებელია. მითუმეტეს მაშინ, როცა დიდი ხნის მანძილზე ჩვენი უფლებები არავის აინტერესებდა. ამიტომ გარწმუნებთ, ჩვენი გუნდი ერთიანი ძალით მუშაობს ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ერთად შევძლებთ ღირსეული გარემოს შექმნას. თქვენში არის ძალიან დიდი სიმდიდრე, ექსპერტული ცოდნა, პოტენციალი და ამის არ გამოყენება  იმ გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომელიც თქვენ გეხებათ, უსამართლობა იქნებოდა. ყველაზე მეტად ჩვენ  ანგარიშვალდებული ვართ თქვენს წინაშე და მინდა ასე ღიად და ხმამაღლა დაგპირდებით, იმ ტრიბუნიდან, რომელიც ჩემზე მეტად გეკუთვნით თქვენ და პირობასთან ერთად საქმით დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და არ მოვისვენებთ მანამ, სანამ თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი არ იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები