გარემოს დაცვის სამინისტროში „ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას  მოაწერეს ხელი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, კომპანიის ,,Georgian American Alloys“ აქციონერმა ურიელ ლაბირმა და შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა   შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას  მოაწერეს ხელი.
დღესვე, მათ  საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, (12 ივნისს) მის მიერ წარდგენილი იქნა სასამართლოში.
ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის განმავლობაში შემუშავებული 14 პუნქტიანი საშუალოვადიანი (2017-2019 წლები) გეგმა წარმოადგინა, რაც ამავდროულად მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ჯერ კიდევ 2006 და 2009 წლებში განსაზღვრული სალიცენზიო და სანებართვო პირობებს ასახავს.
გეგმის თანახმად უკვე დაიწყო და პერმანენტულად გაგრძელდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით; დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით; განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები, მათ შორის, “საშევარდნოს“ კარიერისთვის; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები.2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის მიზნით; დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი; უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქ. ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება სამინისტროსთან.
შეგახსნებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შპს “ჯორჯიან მანგანეზში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეყვანილ იქნა სპეციალური მმართველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები