სოზარ სუბარი: ჩემს განცხადებაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს, დამირეკა, ყვიროდა, ჩვენ პარაგვაი ვართო?

ჩემს განცხადებაზე, მძაფრი რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს, დამირეკა, ყვიროდა. ტელეფონი გავთიშე, მერე მძღოლის ნომერზე დამირეკა და მითხრა, ესე იგი ჩვენ პარაგვაი ვართო? – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პროცესზე განაცხადა, სადაც გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი.
სოზარ სუბარმა მაშინდელი არსებული ვითარება გაიხსენა და სასამართლოს წინაშე დეტალური ჩვენება მისცა.
“სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შემდეგ, ამ პროცესში ჩართული ვიყავი. თავდაპირველად, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ჰქონდა ადგილი, მეგონა ჩვეულებრივი კრიმინალი. ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის გადაცემის შემდეგ ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. დავიწყე მოკვლევა, ვიყავი ირინა ენუქიძესთან. ის მეკითხებოდა, რა შემიძლია გავაკეთო და დავპირდი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებდი, დღის სინათლეზე გავიტანდით ყველა დეტალს.
შესწავლიდან რამდენიმე დღეში გამოიკვეთა, რომ არასწორი საზოგადოებრივი აზრის გავრცელებას ცდილობდა დონაძე, თითქოს ეს იყო სვანური კრიმინალური გარჩევა. ამის მერე წერილობით მივმართე ვანო მერაბიშვილს, რომ გურამ დონაძე გაეთავისუფლებინა პრესსამსახურიდან არასწორი ქმედებისთვის. ამის შემდეგ, დონაძე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. შევაგროვეთ ინფორმაცია და მხოლოდ მკვლელობისთვის დაკავებულების ბრალი არ იკვეთებოდა. ბარში, საიდანაც ინციდენტი დაიწყო, იყო მერაბიშვილის მეუღლე და იქ მყოფების დაქვემდებარებულმა პირებმა გაიტაცეს გირგვლიანი. მე მაშინ გავაკეთე საჯარო განცხადება და ვთქვი, რომ ეს არის შემზარავი დანაშაული და შსს არის ცივსისხლიანი. ამაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს, დამირეკა, ყვიროდა. ტელეფონი გავთიშე, მერე მძღოლის ნომერზე დამირეკა და მითხრა, ესე იგი ჩვენ პარაგვაი ვართო? ვუთხარი, რომ არ ვიცი, პარაგვაიში რა ხდება, მაგრამ გამოდის, რომ ასეათქო და სააკაშვილმა გამითიშა ტელეფონი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარი სახალხო დამცველის პოსტს 2004-2009 წლებში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები