„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს სასამართლომ მიანიჭა უფლებამოსილება, რომ გარემოსდაცვითი მდგომარეობა გააუმჯობესოს“
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს სასამართლომ მიანიჭა უფლებამოსილება, რომ სალიცენზიო-სანებართვო პირობები შეასრულოს და გარემოსდაცვითი მდგომარეობა გააუმჯობესოს, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ თემას ეხებოდა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, სახელმწიფო „ჯორჯიან მანგანეზს“ 10 წლის განმავლობაში სთხოვდა კომპანიას სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებას, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები არ იყო გადადგმული. მისი თქმით, სწორედ ამის გამო გახდა საჭირო სპეციალური მმართველის დანიშვნა.
„სამინისტროს მხრიდან იქნა ნიკოლოზ ჩიქოვანი წარდგენილი და ჩვენგან გაეგზავნა სასამართლოს შუამდგომლობა, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ეს იყო მხარეთა მოთხოვნა სპეციალური მმართველის დანიშვნის სალიცენციო და სანებართვო პირობების შესასრულებლად იმის გამო, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ პრაქტიკულად 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო სთხოვდა კომპანიას სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებას, მაგრამ ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები არ იყო გადადგმული.
შესაბამისად, ის რომ, დღეს აქ იმყოფება ყველა მხარე – აქციონერთა კომპანიის წარმომადგენელი, გარემოს ეროვნული სააგენტო და გარემოს დაცვის სამინისტრო ანუ ლიცენზიის და ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე სპეციალური მმართველი, რომელსაც სასამართლომ მიანიჭა უფლებამოსილება, რომ სალიცენზიო-სანებართვო პირობები შეასრულოს და გარემოსდაცვითი მდგომარეობა გააუმჯობესოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ოთხივე მხარე და მათ შორის სახელმწიფო, არ იშურებს ძალისხმევას იმისთვის, რომ ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს“, – აღნიშნა ბითაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო, არ იშურებს ძალისხმევას იმისთვის, რომ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს.
„ჩვენ არაერთხელ გვსმენია ადგილობრივი მოსახლეობისგან, თუ როგორი შეწუხებულები არიან ისინი გარემოსდაცვითი მდგომარეობით. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოებაზე და ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ფურცელზე ეს ფურცლად დარჩება, თუ ჩვენ ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგით როგორც კომპანიებთან თანამშრომლობით, ასევე ჩვენი ცნობიერების ამაღლებით. შესაბამისად, თითოეული კომპანია, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან ექვემდებარება ავტორიზებას, უნდა ითვალისწინებდეს იმ სალიცენზიო და სანებართვო პირობებს, რა პირობითაც ისინი საქმიანობას ახორციელებენ და ეს არის შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიება. შესაბამისად, აქ არც ექსპროპრიაციაზეა საუბარი, არც იძულებაზე. აქ არის ძალიან პრიმიტიული რამ – საქმიანობა კომერციულად მიმზიდველი უნდა იყოს და ეკონომიკურად მომგებიანი, მაგრამ არამც და არამც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე“, – განაცხადა ბითაძემ.