“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი: გეგმა აქციონერებთან აქტიური მუშაობით მომზადდა

შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი, დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, მან სასამართლოში 12 ივნისს წარადგინა.
როგორც ჩიქოვანმა გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გეგმა აქციონერებთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქტიური მუშაობით მომზადდა.
„სასამართლომ დამავალა, რომ პირველივე თვეს მომემზადებინა გარემოსდაცვითი კუთხით სამოქმედო გეგმა. 12 ივნისს მე ეს გეგმა ჩავაბარე. გეგმა მომზადდა აქციონერებთან ძალიან აქტიური მუშაობით, ასევე, სამინისტროსთან შევთანხმდით ყველა საკითხზე. ეს ის გეგმაა, რომელსაც ეთანხმებიან აქციონერები და აპირებენ მის  განხორციელებას.
ასევე, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ მართვაზე, რათა გამოგვერიცხა ყველა ეჭვი. ვთვლით, რომ ყველა საკითხზე ვართ შეთანხმებული. კომპანია ფუნქციონირებს და ის სირთულეები, რომელიც პირველ ეტაპზე გვქონდა, გადალახულია. უკვე რამდენიმე კვირაა, ჩვენ ერთობლივად ვმართავთ კომპანიას და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე.
მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენლობითი ფუნქცია მაქვს მე, არცერთი საკითხის გადაწყვეტა არ მინდა ერთპიროვნულად და ყველა საკითხს ვათანხმებ ძველ მენეჯმენტთან“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ როგორ გადაიხდის კომპანია დაკისრებულ ჯარიმას, ჩიქოვანის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ამაზე საუბარი ნაადრევია.
„ეს საქმე სასამართლოშია, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. კომპანია გადაიხდის ზუსტად ისე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო.  ამ ეტაპზე აღნიშნულ თემაზე საუბარი ნაადრევია, ეს არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა.
ნიკოლოზ ჩიქოვანი გამორიცხავს, რომ მისი დანიშვნით, მოხდა კერძო კომპანიის ექსპროპრიაცია.
„უნდა იცოდეთ ჩემი წარსული, მე მანდ ვიყავი 5 წლის განმავლობაში. ექსპროპრიაციის თემა ძალიან უხერხულია ჩემთან მიმართებაში, იმიტომ, რომ პირადად ვიცი, რა არის ეს – როგორ შემოვარდნენ სააკაშვილის მთავრობის დროს ჩვენთან. მე ერთი წამით მაინც  რომ გამჩენოდა სახელმწიფოს მხრიდან ექსპროპრიაციის ეჭვი, ამას არ დავთანხმდებოდი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები